Accessibility links

დოჰაში დაიწყო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის


ყატარის დედაქალაქ დოჰაში, დღეს, 12 სექტემბერს, დაიწყო შიდაავღანური მოლაპარაკება, რომელსაც წინ უძღოდა საზეიმო ცერემონია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც დოჰაში იმყოფება, „მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა ორ დაპირისპირებულ ძალას შორის დიალოგის დაწყებას. „თითოეულ თქვენგანს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გადალახოთ დაპირისპირება“, - აღნიშნა თავის მიმართვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ავღანეთის ოფიციალურ დელეგაციას თალიბებთან მოლაპარაკების პროცესში ხელმძღვანელობს ავღანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აბდულა აბდულა. „მე წარმოვადგენ პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ავღანეთის მილიონობით კაცი და ქალი უჭერს მხარს“, - განაცხადა აბდულა აბდულამ.

თალიბანის ლიდერი, მოლა ბარადარ ახუნდი ავღანეთის მომავალს ხედავს, როგორც „ისლამურ პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ძმურად და სიყვარულით იცხოვრებენ ყველა ტომისა და ეთნოსის ადამიანები“.

ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის მოლაპარაკების დაწყება იყო მთავარი საკითხი აშშ-სა და თალიბებს შორის თებერვალში ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმისა.

მაგრამ შიდაავღანური დიალოგის დაწყება გაჭიანურდა ქაბულსა და თალიბანს შორის ტყვეთა საყოველთაო გაცვლის პროცესის თაობაზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რომლის გადაწყვეტაც ავღანეთის დიდი კრების - ლოია ჯირგას - მოწვევით გახდა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG