Accessibility links

ქუთაისი: კორონავირუსის 16-დან 15 დადასტურებელი შემთხვევა ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება


ბოლო 24 საათში ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 1 082 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთის წყარო უცნობია, დანარჩენი 15 კი, დადასტურებული შემთხვევაა და ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

ისინი ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონტაქტის მქონე პირები არიან.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე განმარტავს, „16 შემთხვევიდან 14 ქუთაისში, 1 კი ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, ეს უკანასკნელი ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს და იგი იმყოფებოდა იზოლაციაში“.

გიორგიძის განცხადებით, 12 სექტემბერს, ქუთაისის ბულვარში მდებარე საველე ლაბორატორიაში აღებული 300-მდე ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკა გადაკეთდება კოვიდმიმღებ ცენტრად, რადგან ქალაქის შიდსისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში 18 პაციენტია და განყოფილება ახალ პაციენტებს ვერ იღებს.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რეკორდულად მაღალი რაოდენობა 11 სექტემბერს დაფიქსირდა, კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 20-ზე მეტი ქალაქის 32-ე სკოლის თანამშრომელია. 9 სექტემბრის შემდეგ ქუთაისში გამოვლენილი კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევებიდან 65 ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დადგმულ კარავში მესამე დღეა საველე ლაბორატორია მუშაობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია PCR-ტესტირების ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG