Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში მკაცრი კარანტინი ბრუნდება


კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისევ მკაცრი კარანტინი ცხადდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 სექტემბრიდან სამი კვირის განმავლობაში დახურული იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები.

ისრაელის მოქალაქეებს აეკრძალებათ სახლიდან 500 მეტრზე მეტი მანძილით დაშორება. იკრძალება ღია სივრცეში 20-ზე მეტი, ხოლო დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. კარანტინის პერიოდი ემთხვევა ებრაული ახალი წლის დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად გამოირჩევა ხალხმრავალი შეკრებებით.

მკაცრი ზომების მიღებას მხარი დაუჭირა ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობამ. 13 სექტემბერს საღამოს, მთავრობის 7-საათიანი სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ექიმებმა წითელი ალმები აღმართეს და აუცლებელია კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერება.

მარტში ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გამო საზღვრები დაკეტა და დააწესა მკაცრი შეზღუდვები, რამაც სპეციალისტების შეფასებით, ისრაელს თავიდან ააცილა კორონავირუსის მასობრივად გავრცელება.

კარანტინი მაისში გაუქმდა. თუ მანამდე ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაისში ეს მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვამდე დავიდა. ივნისის ბოლოდან ახალმა შემთხვევებმა ისევ მოიმატა და პიკს მიღწია 12 სექტემბერს, როცა 24 საათში 4 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 155 600-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 1100-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG