Accessibility links

ცესკო: ზოგიერთი მხარის ქმედება ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის ხასიათს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ ზოგიერთი მხარის მიერ ხორციელდება ქმედებები და უსაფუძვლო ბრალდებები, რაც წარმოადგენს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, ასევე საარჩევნო გარემოსათვის ზიანის მიყენების მცდელობას.

„საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც აქვს უფლება დაესწროს კომისიის სხდომებს. გარდა ამისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარმოადგინოს მისი წარმდგენი სუბიექტი და იმავდროულად დაესწროს იმ კომისიის სხდომას, რომელშიც მას აქვს გავლილი სათანადო რეგისტრაცია. რაც შეეხება მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც უნდა იყვნენ კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, პირი პარლამენტის წევრია თუ სხვა სტატუსის მატარებელი, ეს უფლებამოსილება ყველა აკრედიტირებულისთვის თანაბარია. ამასთან, არაუფლებამოსილი პირების კომისიის სხდომაზე უკანონო შეჭრა, განიხილება როგორც ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საქმიანობაში ჩარევა“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში. მასში განმარტებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას, საარჩევნო კომისიები ხელმძღვანელობენ მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ხასიათის კრიტერიუმებით:

„საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს სრულდება მათი არჩევის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდგომ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ყველა მხარეს, მათ შორის საერთაშორისო და დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისგან განსხვავებით, მიუკერძოებლად აფასებენ პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისია დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომლებიც, ცესკოს თანახმად, ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბერს განაცხადეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა კანონდარღვევით ხდება და კომისიებში ისეთ ადამიანებს ირჩევენ, ვინც მმართველ გუნდს უჭერს მხარს.

ამომრჩეველთა ხმის დაცვის შტაბის წარმომადგენლებმა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა საბურთალოს საოლქო კომისიის წინ განაცხადეს, რომ ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები აირჩია. მათივე განცხადებით, იგივე იგეგმება საუბნო კომისიის წევრების არჩევის შემთხვევაშიც.

13 სექტემბერს ხმაური იყო თბილისის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ისინი, მათ შორის, დეპუტატი თინა ბოკუჩავა, სხდომაზე არ დაუშვეს, რადგან, ცესკოს განმარტებით, ამისთვის საჭირო შესაბამისი აკრედიტაცია არ ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG