Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა თავისი ხმა შეუერთა საერთაშორისო პროტესტს ირანელი მოჭიდავის სიკვდილით დასჯის გამო


ევროკავშირმა დაგმო ირანში მოჭიდავის სიკვდილით დასჯა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება.

ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 27 წლის ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს სასამართლოს შემდეგ, რომელიც დაიგმო უფლებადამცველების მიერ, როგორც თაღლითური.

აფკარის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სამთავრობო წყლისა და კანალიზაციის სამსახურის დაცვის თანამშრომლის მოკვლის გამო 2018 წელს საპროტესტო გამოსვლების დროს.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს მის დასჯას“, წერია ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლის, პეტერ სტანოს, 14 სექტემბრის განცხადებაში.

ევროკავშირი წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა „ყველა ვითარებასა და შემთხვევაში გამონაკლისის გარეშე. ეს არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი“, წერია განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე დაგმო სიკვდილის დასჯის ეს ფაქტი და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი“, შესრულდა თუ არა კანონის დაცვით პროცედურა და ბრალდება, რომელიც აფკარმა „წამების დროს“ აღიარა.

ირანის მართლმსაჯულება უარყოფს ოჯახისა და აქტივისტების ბრალდებას სპორტსმენის წამების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აფკარის სიკვდილით დასჯას უწოდა „ბოროტი და სასტიკი“ ქმედება.

აფკარი ირანის ჩემპიონი იყო ჭიდაობაში, რომელსაც ისლამურ რესპუბლიკაში ხანგრძლივი ისტორია აქვს და სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება.

აფკარის ორ ძმას სასამართლომ მიუსაჯა 54 და 27 წლით პატიმრობა იმავე საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG