Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია: ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლა მხოლოდ დროის საქმეა


ბელარუსის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ ხელისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ დროის საქმეა. ამის შესახებ მან The Washington Post-ში დაწერა.

ციხანოუსკაიას თქმით, „მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა“, დრო ოპოზიციის მხარესაა. „ეს რეჟიმი არის კოლოსი თიხის ფეხებზე“, წერს ის. ციხანოუსკაიას თანახმად, ოპოზიცია, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა, ასევე ტყუილისა და პროპაგანდისა, რასაც რუსეთის ჟურნალისტები ეწევიან, განაგრძობს ბელარუსში საპროტესტო აქციების გამართვას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება მშვიდობიან პროტესტს ძალადობის გარეშე.

„ბევრნი კითხულობენ, იქნება თუ არა ეს საკმარისი. მე ვფიქრობ, რომ იქნება. ჩვენ, როგორც ერმა, გავიარეთ წერტილი, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ლუკაშენკას, როგორც ამ ქვეყნის ლიდერს, არა აქვს მომავალი“, განაცხადა ციხანოუსკაიამ.

მან ასევე თხოვნით მიმართა სხვა ქვეყნების მთავრობებს, „შეწყვიტონ რეჟიმთან თანამშრომლობა და სანქციები შემოიღონ იმ პირების მიმართ, რომლებმაც გააყალბეს არჩევნების შედეგები და დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

გუშინ სოჭში გაიმართა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა. მასზე გამოაცხადეს, რომ მოსკოვი მინსკს მილიარდ-ნახევარი დოლარის მოცულობის კრედიტს გამოუყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG