Accessibility links

სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა -"ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი"


სანდრო ბრეგაძე

ულტრანაციონალისტური მოძრაობის, „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გლდანის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა.

პოსტის მიხედვით, სანდრო ბრეგაძის გადაწყვეტილება განაპირობა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ამავე ოლქში კანდიდატურის დაყენებამ, რასაც იგი, როგორც პოსტიდან ირკვევა, არ ელოდა. სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მზადაა თავად დაიმდაბლოს თავი „ლიბერასტების“ წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლით გამარჯვების მისაღწევად:

„მოგეხსენებათ რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად !!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია,რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა !!! ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ !!! სიმართლეს ვიტყვი - ამას არ ველოდი !!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში,რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ !!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი !!!- წერს სანდრო ბრეგაძე "ფეისბუკის" პოსტში.

პარტია "ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა" მიმდინარე წლის ივლისში დაფუძნდა. მისმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გლდანის მაჟორიტარობა აგვისტოს ბოლოს გადაწყვიტა. მედიისთვის მიცემული განმარტებების მიხედვით, პარტიის პოლიტსაბჭომ გლდანი იმ ნიშნით შეარჩია, რომ იქ ლიბერალური ღირებულებები ნაკლებად პოპულარულია და შიდა კვლევების მიხედვით, გარეუბნებში "ქართულ მარშს" ცენტრალურ უბნებთან შედარებით მაღალი მხარდაჭერა აქვს.

"პატრიოტთა ალიანსის" სახელით გლდანში გამარჯვებისთვის მერაბ ჭიქაშვილი იბრძოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG