Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრი ლარის გაუფასურებაზე: რყევები არის ზომიერი


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ არ არსებობს მაკროეკონომიკური პროგნოზი, რომლითაც ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. ასე გამოეხმაურა მინისტრი ბოლო 10 დღეში ლარის დოლართან თითქმის 10-თეთრიან გაუფასურებას.

"მთელი მსოფლიო შევიდა გლობალური ეკონომიკის კრიზისში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც გამოწვევაა და დიდი სიმძიმე. თუ დავაკვირდებით ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას, არ არის დიდი რყევები. რყევები არის ზომიერი. თუ შევადარებთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ეს რყევები პროცენტულად არის უფრო დაბალი", - თქვა მინისტრმა.

ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გუშინ, 15 სექტემბერს გაუფასურდა. მათ შორის ლარი გაუფასურდა დოლარსა და ევროსთანაც. გაუფასურების შემდეგ 1 დოლარის ღირებულება 3,1546 ლარი გახდა, 1 ევროს ღირებულება კი 3,7521 ლარი.

ლარი დოლართან სამლარიან ნიშნულს პირველად კორონავირუსის პანდემიის დროს, 17 მარტს გადასცდა და ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელს (3,4842) 10 დღეში მიაღწია. მას შემდეგ დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ივნისში რამდენიმე დღით ჩამოსცდა და მალევე გაუფასურების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG