Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კნირში გიორგი რურუას შესახებ: არ მინახავს ამ სახელის ხსენება ევროპარლამენტის რეზოლუციაში


„მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუასა და 8 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ შეკითხვებს უპასუხა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა.

შეკითხვაზე - "თქვენ საკმაოდ მწვავედ გაგაკრიტიკეს 8 მარტის შეთანხმებაზე კომენტარის გამო, რომელიც გიორგი რურუას საკითხს შეეხებოდა. შეესაბამება თუ არა ევროპარლამენტის ინტერპრეტაცია თქვენს მოსაზრებას ამ პროცესზე?" - ელჩი პასუხობს: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტი აღიარებს 8 მარტის შეთანხმებას და ყურადღებას იჩენს მის მიმართ. ეს შეთანხმება აისახა კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონში. სასამართლო სისტემისგან პოლიტიკური ზეწოლის მოხსნის ასპექტი, ვფიქრობ, არ შემოიფარგლება ამ არჩევნებით ან მიმდინარე პერიოდით, დღეებითა და კვირებით, არამედ არის მუდმივი ამოცანა. მე ასე გავიგე 8 მარტის შეთანხმება. ეს არის ის, რასაც პოლიტიკურმა პარტიებმა, ყველაზე მეტად საქართველოს ინსტიტუციებმა და ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა შეხედონ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის ევროპარლამენტმაც“.

დიპლომატმა ილაპარაკა გიორგი რურუას შესახებაც: „არ მინახავს ამ სახელის ხსენება არც ევროპარლამენტის რეზოლუციაში და არც სხვა დაკავშირებულ ტექსტებში“.

რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე - "რეზოლუციაში არა, მაგრამ ევროპარლამენტის წევრები საკმაოდ ხშირად ახსენებდნენ მას. საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია?" - ჰუბერტ კნირშმა ასე უპასუხა: „საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით ისინი შესრულებულია და არჩევნები მიმდინარეობს მათ საფუძველზე, რაც ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს შედარებით მცირე პარტიებისთვის იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება. პარლამენტის პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული - 30 დეპუტატით ფორმირებას.

ამასთან, მხარეები 8 მარტს, მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზეც შეთანხმდნენ. ოპოზიციის განმარტებით, შეთანხმების ეს ნაწილი უგულავას, რურუას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მთავრობა ამას უარყოფდა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ შეთანხმების სრულად შესრულებისთვის საპატიმრო გიორგი რურუასაც უნდა დაეტოვებინა.

საქართველოში მოქმედმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ისინი მიიჩნევენ, რომ სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის მიმართ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. ელჩმა თქვა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.

„8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.

რადიო თავისუფლება მალე შემოგთავაზებთ გერმანიის ელჩთან ინტერვიუს სრულ ვერსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG