Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილი!“ - რუსეთში შოკირებულნი არიან მოსკოვის "დინამოს“ თბილისური მარცხით


რუსეთში შოკირებულნი არიან ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოს“ მარცხით. რუსეთის კლუბმა თბილისის „ლოკომოტივთან“ შეხვედრა ანგარიშით 1:2 წააგო.

„მათ დაამცირეს „დინამო“, - წერს Sports.ru და მიუთითებს, რომ „ლოკომოტივი“ „ობიექტურად მესამე გუნდია თბილისშიც კი, „დინამოსა“ და “საბურთალოს“ შემდეგ“.

„შემადგენლობაში ძირითადად ახალგაზრდები და ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც თბილისის „დინამოშიც“ ვერ მოიკიდეს ფეხი. საშუალო ასაკი 23 წელზე ოდნავ მეტია“, - ნათქვამია სტატიაში.

რუსეთის მედიაში იმაზეც წუხან, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მონაწილე გუნდებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგისაა (1,150), „დინამოს“ რეიტინგი კი 9,109-ია.

Sports.ru წერს, რომ მოსკოვურმა გუნდმა ევროპა ლიგაზე 5 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და „ნეტა ეს არც მომხდარიყო“, - წერს გამოცემა.

სტატიაში "დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ ფეხბურთელთა საბაზრო ფასიცაა შედარებული.

„Transfermarkt -ის თანახმად, მოსკოვის „დინამოს“ სრული შემადგენლობის საბაზრო ფასი თბილისის „ლოკომოტივისას“ 15-ჯერ აღემატება - 59,35 მილიონი ევრო 3.58 მილიონის წინააღმდეგ“.

„დინამოს“ ყველაზე ძვირადღირებულ სპორტსმენად Transfermarkt -ი მაქსიმილიან ფილიპს ასახელებს, მისი ღირებულება 11 მილიონი ევროა. „ლოკომოტივის“ მთავარი აქტივი კი 30 წლის თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე (პირველი გოლი გაიტანა მატჩში) და ნახევარმცველი დავით სამურკასოვია, ორივე 300 ათას ევროდაა შეფასებული“, - ნათქვამია სტატიაში.

მოსკოვის „დინამოს“ საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, რუსეთში პოპულარულმა მომღერალმა ლევ ლეშჩენკომ განაცხადა, რომ: „ეს უბრალოდ სამარცხვინოა, სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვპოულობ. შოკში ვარ, 60 წელია „დინამოს“ ვგულშემატკივრობ, ასეთი სირცხვილი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“, - ამასთან, ლეშჩენკომ თბილისის „ლოკომოტივს“ "სამოყვარული ნაკრები" უწოდა „სადაც მხოლოდ ბებრები არიან შეკრებილი“.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრ მოსტოვოიმ თქვა, რომ „განცვიფრებულია“.

„ვერ ვიჯერებ, გუნდი ბოლო წლების განმავლობაში პირველად გადის [ევროპის თასზე], ბოლო დროს დაიხარჯა ლამის 60 მილიონი და თბილისის „ლოკომოტივი“... მგონი ბევრმა არც იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის, რომ არსებობს თბილისის „დინამო“. ბევრი იკითხავს ანგარიშს და ვერ მიხვდებიან - იფიქრებენ, რომ თბილისის „დინამოსთან“ წავაგეთ“.

სახელმწიფო დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი: „მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, თუ რატომ მოხდა ეს. პოლიტიკური მომენტებიდან დაწყებული, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მრავალი წლის წინ ჩვენ ქართულ კლუბებს პოლიტიკის გამო ვხვდებოდით და დამთავრებული იმით, რომ მოედნის მდგომარეობაა საშინელი“.

„სპორტ ექსპრესი“ წერს, რომ უახლოეს მომავალში „დინამოს“ მოქმედი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვი პოსტს დატოვებს. გამოცემის თანახმად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე რეალურ კანდიდატად „რუბინისა“ და „როსტოვის“ ყოფილი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი განიხილება.

Sports.ru წერს, რომ რუსული კლუბები ორჯერ შეხვდნენ საქართველოს გუნდს ევროპის თასის პლეიოფში და ორივეჯერ გამოვარდნენ. პირველად ეს 1996/97 წლის უეფას თასის 1/32-ფინალში მოხდა, როდესაც „ტორპედო“ დამარცხდა „დინამოსთან“.

17 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მან ანგარიშით 2:1 მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივი“ ესპანეთის „გრანადას“ შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG