Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში დააკავეს შმაგი მუთოშვილი, მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა


ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით პანკისის ხეობაში დააკავეს შმაგი მუთოშვილი. ის 2019 წლის 27 ნოემბერს ამავე ხეობაში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმაა. დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ შმაგი მუთოშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

ამ დაკავების შესახებ შს სამინისტროს ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა შმაგი მუთოშვილის ახლობლებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ დაკავება უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს ვისო მუთოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას. დაკავების შემდეგ შმაგი მუთოშვილი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ივლისის გვიან საღამოს, სოფელ დუისში მურად ქავთარაშვილის სახლს რამდენიმე ტყვია ესროლეს. იმ დროს სახლში იყვნენ მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიების ინფორმაციით, გამოიკვეთა, რომ გასროლა, შურისძიების მოტივით, შმაგი მუთოშვილმა განახორციელა. პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა. ​ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, სასამართლო განხილვების პარალელურად, ორი გვარის, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის შერიგების რამდენიმე უშედეგო მცდელობა იყო. მუთოშვილებთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ ხეობის მოსახლეობის ნაწილი და უხუცესები. შერიგების ერთ-ერთ ასეთ მცდელობას ესწრებოდა ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც. ამ შემთხვევაშიც მუთოშვილების ოჯახმა შერიგებაზე უარი თქვა და შარიათის კანონის დამორჩილებისა და სისხლის აღების წესი დატოვა ძალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG