Accessibility links

logo-print logo-print

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ემუქრება ამერიკელებს, რომლებმაც ირანელი გენერალი მოკლეს


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდალი შურისძიებით დაემუქრა ყველას, ვინც მონაწილეობდა იანვარში „ყუდსის“ სარდლის, გენერალ სოლეიმანის მოკვლაში ერაყში, აშშ-ის უპილოტო აპარატის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

„გუშაგთა კორპუსის“ საინტერნეტო გვერდს მოჰყავს გენერალ ჰოსეინ სალამის სიტყვები: „ბატონო ტრამპ, ჩვენი დიადი გენერლის მოწამებრივი სიკვდილის გამო ჩვენი შურისძიება აშკარაა, სერიოზული და რეალურია“. „დავარტყამთ ყველას, ვისაც ჰქონდა პირდაპირი თუ ირიბი კავშირი“, განაცხადა სალამიმ, რომელიც გამოდის გაფრთხილებით: „უნდა იცოდეთ, რომ ყველას დავარტყამთ, ვინც მომხდარში როლი ითამაშა და ეს სერიოზული სიგნალია. ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ“.

ამ კვირაში ტრამპმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ ვაშინგტონი მძაფრად უპასუხებს ირანის ყველა მცდელობას, შური იძიოს გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლისთვის და ტვიტერში დაწერა, რომ „თუ ისინი დარტყმას განახორციელებენ ნებისმიერი ფორმით, ჩვენ საპასუხო დარტყმას მივაყენებთ ასჯერ უფრო მძლავრად, რისთვისაც წერილობითი ინსტრუქცია უკვე გაცემულია“.

ტრამპის გაფრთხილება მოჰყვა გავრცელებულ ცნობას, რომ ირანი აპირებს სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩის მოკვლას სოლეიმანის მკვლელობის გამო შურის საძიებლად. სალამიმ უარყო ცნობა აშშ-ის ელჩის, ლანი მარკსის მოკვლის გეგმის თაობაზე, მაგრამ ცხადად თქვა, რომ ირანი სოლეიმანის გამო შურისძიებას აპირებს.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG