Accessibility links

ბაიდენი და ტრამპი ამომრჩეველთა ხმებისთვის იბრძვიან, უზენაეს სასამართლოში ვაკანსია მთავარი საკითხი ხდება


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა, როცა გავრცელდა ცნობა უზენაესი სასამართლოს წევრის, რუთ ბეიდერ გინზბურგის გარდაცვალების შესახებ.

ამ დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეტოქე, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი მინესოტაში იმყოფებოდნენ და იქ მართავდნენ ამომრჩევლებთან შეხვედრას ადრეული კენჭისყრის პირველ დღეს. 3 ნოემბრის არჩევნების კენჭისყრა აშშ-ში უკვე დაწყებულია, რადგან ამომრჩეველთა ნაწილი პანდემიის პერიოდში წინასწარ ან ფოსტით აბარებს საარჩევნო ბიულეტენებს.

ამომრჩევლებმა ვირჯინიაში, სამხრეთ დაკოტასა და უაიომინგში ასევე დაიწყეს ბიულეტენების ჩაბარება.

ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა პატარა ქალაქ ბემიჯიში, სადაც მიმართავდა მომხრეებს - მშრომელი კლასის წარმომადგენლებს, როცა არაფერი იცოდა კამპანიის შემძვრელი ახალი ამბის, 87 წლის მოსამართლის გარდაცვალების შესახებ.

უზენაეს სასამართლოში ახალი ვაკანსია ტრამპს არჩევნებამდე 46 დღით ადრე შესაძლებლობას აძლევს, 9-წევრიან სასამართლოში 5-4-თან კონსერვატული უპირატესობა დიდი ხნით გაზარდოს.

მოსამართლის დანიშვნა უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ და რომელიც შეეცდება გაიყვანოს კონსერვატორი კანდიდატი რაც შეიძლება სწრაფად. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გინზბურგის შემცვლელი სასამართლოში მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როცა ახალი პრეზიდენტი არჩეული იქნება. სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმაც განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში ახალ თავისუფალი ადგილზე არავინ უნდა დაინიშნოს ახალი პრეზიდენტის ვინაობის გარკვევამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG