Accessibility links

გერმანიის მოქალაქეები გააფრთხილეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ საქართველოში ტურისტული მიზნებით გამგზავრება აუცილებელი არ არის. მიზეზად დასახელებულია კორონავირუსის შემთხვევების მომატება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო კორონავირუსით შედარებით ნაკლებად იყო დაზარალებული, თუმცა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქტიური შემთხვევების მაჩვენებელმა სამნიშნა რიცხვს მიაღწია და განსაკუთრებით დაზარალდა აჭარა(ბათუმი).

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს იმასაც ატყობინებს, რომ 15 სექტემბრიდან ამოქმედებული წესით, საქართველოში ჩასულ გერმანის მოქალაქეებს მოეთხოვებათ საზღვარზე წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების პასუხი.

გერმანიის მოქალაქეების გარდა, ეს წესი ვრცელდება საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებზე. ივლისიდან 15 სექტემბრამდე ევროკავშირის ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უპირობოდ შეეძლოთ. ტესტირების პასუხი სავალდებულო გახდა ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი მატების გამო.

ივლისიდან გერმანიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა საზღვრები უპირობოდ გაუხსნეს საქართველოს მოქალაქეებსაც. კორონავირუსის შემთხვევბის მატების გამო, წესები ახლახან შეცვალეს ლიეტუვამ და ლატვიამ. 19 სექტემბრიდან, ლატვიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები 10 დღით იზოლაციაში იქნებიან. 21 სექტემბრიდან 14 დღიან იზოლაციას ექვემდებარებიან ლიეტუვაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG