Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში აგვისტოს შემდეგ პირველად, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ზუგდიდში 2 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცი სავაჭრო ცენტრში, ძვირფასეულობის განყოფილების თანამშრომელია. მეორე ინფიცირებული კი 72 წლის დიასახლისი ქალია. გამოვლენილია ინფიცირებული პირების კონტაქტების ნაწილი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მამაკაცის - 45, ხოლო ქალის 25 კონტაქტია გამოვლენილი და მუშაობა გრძელდება.

დროებით დაიხურა მაღაზია, სადაც ინფიცირებული მამაკაცი მუშაობდა. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ, შენობაში კი მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ბოლოს კორონავირუსის შემთხვევა ზუგდიდში აგვისტოში გამოვლინდა, როცა კოვიდინფექცია თბილისიდან ჩამოსულ სტუმარს დაუდასტურდა.

რაც შეეხება რეგიონის მონაცემებს, რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოსა და ოკუპირებულ გალში დამატებით კიდევ 6 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 3 ფოთის მცხოვრებია, რომელთაც კონტაქტი ბათუმთან ჰქონდათ. 2 აფხაზეთიდანაა და ე.წ. საბერიოს კლასტერის წარმომადგენლები არიან, 1 ქალი სენაკის მკვიდრია, რომლის კონტაქტები ამ დროისთვის დაუდგენელია.

რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან უმრავლესი შემთხვევა, 137, აჭარიდანაა.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 137;
  • თბილისი - 47;
  • იმერეთი - 26;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6;
  • გურია - 2.

ამ დროის მონაცემებით, კრიტიკული მძიმე პაციენტების რაოდენობა 16-ია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 3 913 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 574 გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. მათგან ბოლო 24 საათში 40 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG