Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: ნავალნის მოწამვლაზე აშშ-ის რეაქცია "თანაზომიერი" იქნება


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გერმანიის გამოცემა Bild-თან საუბარში კომენტარი გააკეთა ვაშინგტონის პოზიციაზე რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

პომპეოს თქმით, არ არსებობს საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ აშშ-ის მხრიდან არავითარი სანქციები არ მოჰყვება ალექსეი ნავალნის მოწამვლას, ვინაიდან ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით პომპეომ გაიხსენა აშშ-ის რეაქცია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისას დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში.

აშშ-ის რეაქცია თანაზომიერი იქნება, როგორც კი ამერიკის ხელისუფლებას ხელთ ექნება ყველა ფაქტი, განაცხადა პომპეომ.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, დაელოდოს ნავალნის სინჯების გამოკვლევას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ. აშშ ასევე რუსეთისგან მოელის გამოძიების ჩატარებას, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, როგორ მოხდა ნავალნის მოწამვლა, უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Bild-ს.

პომპეო კვლავ თავს დაესხა მშენებარე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს. „იმედი გვაქვს, რომ მშენებლობა არ დასრულდება“, განაცხადა მან და დასძინა, რომ ვაშინგტონი მუშაობს კოალიციის შექმნაზე, რათა არ დაუშვას ეს. „იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაც ამავე პოზიციაზე დადგება - იმის გამო, რაც ბატონ ნავალნის მოუვიდა, ან უსაფრთხოებისთვის რეალური შედეგების გამო, რაც მოჰყვება რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას“, აღნიშნა პომპეომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG