Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ამბავი - მაკა კუკულავა & ლუიზა ჩალათაშვილი


I_Residency: ორი ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:05 0:00

I_Residency (inside, isolation residency) - სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის - თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებულია და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. სარეზიდენციო პროგრამის ფარგელბში შეიქმნა 11 პროექტი. სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

თინას სტუმრები

პიესა

მოქმედი პირები:

თინა - 85 წლის

ნინა - 65 წლის

სცენა 1

ზაფხული. სიცხე. ყვავილებიანი მდელო.

- დედა! დეეე! მოხვედი?!

- თინა! თინა, სად ხარ?

- აქ ვარ!

- ვაიმე, რა ხდება აქ?

- მაპატიე, გამოვიპარე სახლიდან...დავარდი და ფეხი ვიტკინე, არ მეჩხუბო...

- ღმერთო ჩემო, თინა, მანახე! როგორ დავარდი გამაგებინე? ხუთი წუთით ვერ დაგტოვებს ადამიანი, გავედი ნაგვის ჩასატანად, რა არის რა! რატომ ადექი საერთოდ! რატომ? ფრთხილად არ უნდა იყო? ვერა ხედავ, ბუმბულივით ხარ, ძლივს დაფამფალებ...

-მაპატიე...

- მე რა ვქნა გამაგებინე? არ გეცოდები? იცი, რომ ისეთი დროა ვერც ექიმს გამოვიძახებთ, დასახმარებლადაც არავინ მოვა რამე რომ იყოს, კარგი რა, კარგი რა...

-ბალახი მაღალი იყო, ფეხი გადამიბრუნდა და დავარდი, რა ჩემი ბრალია, არ მეჩხუბო, გთხოვ...

- არ გეჩხუბები, არა...

-აღარ გამიშვებ გარეთ?

-წამოდექი, წამოდექი...

-აღარ გამიშვებ? ხო გამიშვებ? გეხვეწები აღარ ჩამკეტო...

-ასე, დამეყრდენი, მაგარი გადარჩენილები ვართ, ახლა კიდევ მოტეხილობაღა გვაკლდა...

-ყვავილები მინდოდა დამეკრიფა შენთვის, ნახე რა ლამაზია...

-წამოდი, წამოდი...

-არა, მოგწონს?

- კი მომწონს, მომწონს, ძალიან ლამაზია...

-მართლა მოგწონს?

-ვაიმე მომწონს, დიდი მადლობა!

-დეე, რატომ არასოდეს არ ვსეირნობთ ხოლმე აქ?

-სად თინა, ნუ გადამრიე, ეს ფეხი ასე გამოადგი...

-აქ, ამ მინდორში...

-თინა, ამ ოთახში ეს შპალერი კიდია რაც თავი მახსოვს, ლამის შენი ბავშვობის დროინდელია, რამ გადაგრია ახლა, დამანებე ერთი თავი! აქეთ წამოდი, აქეთ...

-არ მინდა სახლში! არ წამოვალ! იქ მინდა, სადაც ჩანჩქერებია...

-თინა, გეყოფა! მოდი დაჯექი, ეს აქ არის შენი სავარძელი, ყოჩაღ, აი, ასე... მე ახლა მაგიდას გავშლი, უნდა ვისადილოთ...

- არ მშია!

-მოიცა, ეს რა არის? კიდე ჩაიფსი თინა? ნუ, კარგი რა, კარგი რა! ხო გიდევს ეს ქოთანი საწოლთანაც, სავარძელთანაც, რატომ აკეთებ ამას? რატომ? მე რომ გამამწარო? ჩემდა საწვალებლად ხარ გაჩენილი ხო?.. წამოდი აბაზანაში, წამოდი...

-არ მინდა აბაზანა...

-ასე, დამეყრდენი! აი, ასე, ყოჩაღ! თმები სულ თეთრი გაქვს, მაგრამ ხვალ შევიღებოთ ბარემ შენი დაბადების დღისთვის...

მოხუცი თინა (85 წლის) მის ქალიშვილ ნინას (65 წლის) აბაზანაში გაჰყავს. ნინას ნიკაპზე ჩამოწეული სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ოთახში იმ ადგილას, სადაც თინა დავარდა, მთელს კედელზე აქა-იქ შელახული ძველი შპალერია გაკრული, რომელსაც ყვავილებიანი მდელო ახატია.

სცენა 2

თინას სავარძელში სძინავს. ხმაური ესმის და თვალს ახელს.

- ნინა? ნინა შენ ხარ?

- ჰო,ჰო, მე ვარ, აბა ვინ იქნება!

- ჩამძინებია...

- იყავი, იყავი, არ ადგე, კარგია თუ გეძინა, ვალაგებ მე აქ რაღაცეებს...

თინა სავარძელთან მიყუდებულ ხის ჯოხს იღებს და საძინებელ ოთახში გადის.

- ოჰ, ისევ თქვენ ხართ კაცო? როგორ შემოხვედით გამაგებინეთ? ნინა სად არის? არ გესმით თქვენ? ახლა ველაპარაკე, ამ წამს და სად წავიდა?

ოთახში ზურგით თეთრთმიანი ქალი დგას და კარადას ალაგებს. ლოგინზე კაბებია მიყრილ-მოყრილი.

- რას აკეთებთ? რას აკეთებთ? ეს ნინას კარადაა, ხელი გაუშვით მის ტანსაცმელს!

ქალი თინასკენ ტრიალდება. სამდიცინო ნიღაბი უკეთია.

- ეს კაბები არც შენ გიხდება, და მეც ვერაფერი მოვუფიქრე, ამიტომ ეკლესიაში წასაღებ ტანსაცმელებთან გადავაწყობ და წავიღებ მერე...

- გაანებეთ ნინას ნივთებს თავი, არ გესმით თქვენ! ახლავე! უკვე მერამდენედ გადმოატრიელეთ მთელი სახლი, ვინ მოგცათ ამის უფლება გამაგებინეთ?!

ქალი ყურადღებას არ აქცევს და თავის საქმეს აგრძელებს.

- რომ იცოდე რამხელა საქმე მოვითავე, იმდენი ადგილი გავათავისუფლე კარადაში...

- არა, ამის ატანა შეუძლებელია! ნინას უნდა უთხრა მიგაბრძანოთ აქედან!

თინა ოთახიდან შემოსასვლელში გადის.

- თინა, რას შვები მაანდ? თინა! თინა, რას აკეთებ გამაგებინე? რას ეჯაჯგურები მაგ კარს, ჩაკეტილია, არ შეიძლება გარეთ გასვლა, არა! ტელევიზორს ხო უსმინე არა! წადი, დაჯექი შენ ადგილას!

- თავი დაბანებეთ! ნუ მეხებით!

- თინა, წამოდი თუ ღმერთი გწამს...

- არ მწამს ამ თქვენი ღმერთის, არა! არც არასოდეს მწამდა, ბიჯოს!

ქალი თინას სავარძლამდე აცილებს.

- არა, ძალიან გთხოვთ, ამიხსეით, თქვენ უთხარით მას წასულიყო?

- ვის დედა, ვის?

- კაცო, ნუ მეძახით დედას! თქვენნაერი ბებერი შვილი რანაერად მეყოლებოდა! სუმა საიტი... ისე საიდანღაც კი მეცნობით ძალიან, საიდან?.. არა, პასუხსაც რომ არ მცემს, უზრდელი... ისა, თქვენ, ერთი ტელეფონი მომაწოდეთ რა თუ შეიძლება, რუსიკოსთან უნდა დავრეკო... დიდი მადლობა...

ალო, რუსოშკა, როგორ ხარ, ჩემო საყვარელო? შენა, ნინა ხომ არ გამოჩენილა შენთან? არა ხო? არც დაურეკავს არა? ჰო, ისევ წასულია ეს რამოდენიმე დღეა... ვერ გავიგე სად დადის... შეიძლება რამე ხდება და არ მეუბნება, მაგრამ მე რას მიმალავს ერთი... ხოდა, აი, ეს ხნიერი ქალია ისევ ჩვენთან სტუმრად... ვერ გავიგე, მგონი ისიც ნინას ელოდება... რაღაც გიჟივით ხეხავს და ალაგებს ყველაფერს რომ მოდის, სულ ნიღაბი უკეთია და არ იხსნის, არ შეიძლება ამის გარეშე შენთან კონტაქტიო და მე მინდა საერთოდ მასთან კონტაქტი მკითხოს ერთი! შეიძლება ამას ემალება ნინა და იმიტომ არ მოდის როდესაც ეს ქალბატონი აქ არის, რას გაიგებ... მაგრამ ან როგორ შემოდის ან საიდან არის, ნუ ხო გელაპარაკები, არაფერს მეუბნება. მერე გადამრია, გადმოალაგებს ქვეყნის რაღაცეებს, ნახევარი სახლი გაიტანა, ყრის მგონი ჩვენ ნივთებს, მე რას მივხვდები ახლა, ძლივს დავდივარ, ვერც ვეწინააღმდეგები და გული მიწუხს დარდისგან, რომ დაბრუნდება ნინა ვერ იცნობს აქაურობას და რა უნდა ვუთხრა, რა? ეხლა კარადაში შეძვრა, ნაღდად რაღაცას ეძებდა, ნინას კაბები გადმოყარა... მაგრამ მეშინია ვერაფერს ვეუბნები, რომ აიღოს და მდრუზოს მერე რაიმე თავში სად მივდივარ... არა, რას ნიშნავს მეჩვენება რუსიკო? ვერ გავიგე რას მელაპარაკები? არ გრცხვენია? კარად იყავი შენი ჭირიმე...

პაუზა.

- ისა, თქვენ, დღესაც აქ რჩებით უკაცრვად?

სცენა 3

თინა თავის სავარძელში ზის. ოთახში სხვადასხვა ასაკის პატარა გოგოები ირევიან.

- თინა, უნდა ჭამო...

- მართალია თინა, დღეს არაფერი გიჭამია...

- საღამოს ვიბანავებთ...

- დაბადების დღეზე დაუბანლები ხომ არ ვიქნებით?

- დედიკო რომ მოვა დაგვბანს...

- თმებსაც შეგვიღებავს...

- კაცო, ვინ ხართ თქვენ გამაგებინეთ? მოვა ნინა და გაგყრით აქედან სუყველას!

- ოოო! კაი რა!

- ახლა წავალ და მე თვითონ ვიპოვი სად წავიდა ჩემი შვილი!

- ვერსადაც ვერ წახვალ, კარები ჩაკეტილია!

- გარეთ გასვლა არ შეიძლებაო დედამ!

- და ვინ არის თქვენი დედა გამაგებინეთ?!

- ნინა არის ჩვენი დედა, ვითომ არ იცი ახლა, ისევე როგორც შენი!

- ნინას არ ყავს შვილები! მარტო მე ვყავარ ნინას! მოშორდით აქედან!

გოგოები თინას ყურადღებას არ აქცევენ. ზოგი კარადის თავზე ძვრება, ზოგი მაგიდაზე. თამაშობენ, იცინიან, მღერიან, ხმაურობენ.

- ჩუ! სუ! ძალიან ხმაურობთ! დაწყნარდით! არ გესმით?! მომისმინეთ, ერთი წუთით... იცით რა მითხარით, თქვენ გეცოდინებათ აქედან როგორ უნდა გავიდე, თქვენ ხომ შემოხვედით არა? სულ 5 წუთით გავალ და მალე მოვბრუნდები, კარების გასაღები სად დევს არ იცით?

- არა, თინა, არ შეიძლება!

- ვერ გაგიშვებთ!

- დედამ არაო!

თინა სავარძლიდან წამოდგომას ცდილობს, გოგოები გარს ეხვევიან, მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ. თინა მათ მოგერიებას იწყებს.

- დამანებეთ თავი, მომცილდით აქედან!

გოგოები ეწინააღმდეგებიან.

- არ შეიძლება შენი გაშვება!

- დედა გაგვიბრაზდება!

- აუ, მე აღარ მინდა აქ!

- მე პიპი მინდა!

- მალე მოვა დედა?

- მე მომბეზრდა!

- არც მე აღარ მინდა ამ ბებერ თინასთან!

- მართლა რატომ დაგვტოვა ამდენ ხანს?

- მე მშია!

- წავიდეთ რა!

ყველა ერთბაშად ტირილს იწყებს. დაღლილი თინა სავარძელზე ეშვება.

- თინა! თინაა! რა დაგესიზმრა? საგამოცდოებს ვამოწმებდი იქითა ოთახში, კარგად ხარ?

სცენა 4

თინა და თეთრთმიანი ქალი ნიღაბში მაგიდასთან სხედან. ქალი კითხულობს. თინას მას თვალს არ აშორებს, აკვირდება.

- თქვენ დღეს წახვალთ თუ რჩებით?

ქალი არ პასუხობს.

- არა, იცით რატომ გეკითხებით? ხვალ არის ჩემი დაბადების დღე, სტუმებს ველოდები, როგორც ყოველ წელიწადს, და თადარიგი მინდა დავიჭირო თქვენთან დაკავშირებით. რომ მოვლენ, ხომ უნდა ავუხსნა საზოგადოებას ვინ ბრძანდებით და რატომ ხართ აქ, ნინა სად არის და ა.შ... მე ნინა ყოველ წელს მიხდის დაბადების დღეს, ყოველ წელს! ხვალაც აუცილებლად მოვა! ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.

პაუზა.

- ვინ იცის, შეიძლება ბოლო დაბადების დღეა ჩემს ცხოვრებაში...

ქალი ცინიკური მზერით ამოხედავს.

- შენი ჭირიმე, არ ამატირო ახლა. შენ ისეთი მაგარი ვინმე ხარ, ყველას მოგვინელებ, გაგვისტუმრებ და მერე წახვალ, მაგაზე არ ინერვიულო...

- რა ბრძანეთ? არა, როგორ მიბედავთ ამდენს თქვენ! ეს წარმოუდგენელია! გაეთრიეთ ახლავე აქედან!

ქალი დება, ფანჯრებს კეტავს.

- რატომ მიკეტავთ ამ ფანჯრებს? რატომ?

ქალი ოთახიდან გადის.

- აჰ, გავარდა ახლა! მიბრზანდით სადაც გნებავთ! ეს რა დღეში ჩავარდი კაცო, რა ხდება ჩემს თავს!.. დედა, დედა, რა კარგად ვიყავი, რა კარგად იყო ყველაფერი, პირდაპირ გადასარევად...

ტელევიზორს რთავს. ახალ ამბებს გადმოსცემენ.

- ვირუსი ამათ და ჯანდაბა, როგორ ამირიეს ცხოვრება!

სცენა 5

თინა მაგიდასთან ზის სკამზე და ისევ პატარა გოგოები ეხვევიან თავს.

-კიდევ ცოტა ხანი ხომ არ უნდა ვაცადოთ?

-არა დროა, გაშავდა უკვე, ვერ ხედავ?..

-ეგ რო გაშავდა მერე შავი კი არ იქნება რო ჩამოიბანს...

-აბა რა ფერი გამოვა?

-წითელი შტერო, თინას წითელი თმები აქვს, არ იცი!

-კაი, დავიწყოთ...

-ისე, დედას ხომ არ დავლოდებოდით?

-არა, არა! ნინა პირდაპირ დაბადების დღეზე მოვა და ბარემ მზად დახვდება!

-ნუ, კაი მოკლედ ვიწყებთ!

-აბა, თინა, თავი გამისწორე!

-აუუ, ნუ ხვანცალებ!

-თინა, ესე რო მოძრაობ ყურებზე გადმოვიდა საღებავი!

- არ გაინძრე, წარბებზე გადავდივარ!

თინა არ ეწინააღმდეგება. ეტყობა, რომ რაღაცის თქმა უნდა და ფრთხილობს, შესაბამის მომენტს ეძებს.

-გოგოებო, მისმინეთ, რა მაინტერესებს იცით, აქ რომ მოდიხართ ხოლმე, კარს ვინ გიღებთ? ერთი ხნიერი ქალი რომ დადის აქ ეეგ? რაღაცას გეტყვით “სეკრეტად” და არ გამცეთ. გასაღები სად აქვს შეგიძლიათ გამიგოთ? და თქვენ რომ წახვალთ მეც გამოგყვებით?

-არა თინა, შენი აქედან გასვლა არ შეიძლება, გითხარით უკვე ბევრჯერ.

-ვსიო! მოვრჩით! ყველგან გვისვია...

-ეხა უყურე, დრო დავინიშნოთ, აწერია ნახევარი საათი...

-ნახევარი ბევრია...

-არა, ასე წერია...

-თუ აქედან გასვლაში არ დამეხმარებით, მომწყდით ახლავე თავიდან!

თინა გოგოებს ხელის მოქნევით იგერიებს. საღებავიანი ჯამი იატაკზე ვარდება.

-თინა, რა ხმაურია?! ვაიმე, რა ხდება აქ! ეს რა არის! ეს რა გიქნია? მთელ სახეზე საღებავი გაქვს, ამას როგორ მოგაშორებ? რა არის ეს, ან როგორ გახსენი, არ რა აურიე, ღმერთო ჩემო, მეც ხომ ადამიანი ვარ არა? ხომ მაქვს უფლება რომ ჩამეძინოს? აღარ შემიძლია, აღარ!

სცენა 6

გამოპრანჭული თინა მაგიდასთან ზის. თმები და წარბები ცეცხლისფერი აქვს. სახეზე აქა-იქ საღებავის ლაქები ემჩნევა. მაგიდის მეორე ბოლოში ნიღბიანი ქალი ზის. სუფრაზე ტორტი, ჩაი და ტკბილეულობა დევს.

-დიდი მადლობა, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო რუსოშკა. მესმის, მესმის, რას ვიზავთ... აბა რა, შემდეგ წელს, თუ მივაღწიეთ შემდეგ წლამდე... ეგა თქვი შენ... ნინას ველოდები კი, ეს ტორტი და ტკბილეულობა გამოუგზავნია როგორც ჩანს, ახლა მივირთმევთ მე და ჩემი სტუმარი. ხო, აი, ის ქალბატონი, აქ მოდის ხოლმეთქო რომ გიყვებოდი, ხო, ხო... აქ არის ისევ, კი... უბრალოდ ხმას არ მცემს და მე ხო იცი რა ტლიკინა ვარ, ნინას საათობით ველაპარაკებოდი და ამას თავი მოვაბეზრე ალბათ ამდენი კითხვებით... უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის, საიდან მოვიდა, იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც... ნუ, მოკლედ... კარგი ახლა, ნუ დამიწყე თავიდან. გკოცნი ბევრს ჩემო საყვარელო და დიდი მადლობა...

თინა ტელეფონს კიდებს. უცხო ქალს მიაშტერდება.

-ეს ნიღაბი დღეს რომ მაინც მოიხსნათ არ შეიძლება?

-დღეს შენი დაბადების დღეა, ამიტომ ყველაფერი შეიძლება...

ქალი ნიღაბს იხსნის. ორი მოხუცი ქალი მაგიდასთან საოცრად გვანან ერთმანეთს.

- რა იყო, მაინც ვერ მცნობ?

თინა მხრებს იჩეჩავს.

- რადგან ასე ითხოვ, რა გაეწყობა. დღეს მე ვილაპარაკებ და შენ მომისმინე. მე ნინა ვარ, შენი ქალიშვილი. შვილი, რომელსაც ვერ ეგუები, რომ დაბერდა. ამბობ, რომ დაკარგე, ვერ პოულობ და ყველგან და ყველასთან დამეძებ. მეც დიდი ხანია დავკარგე დედა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვეღარ ვპოულობ...

ახლა მეც მოხუცი ქალი ვარ, შენნაერი მოხუცი... დამაბერე ამ ოთხ კედელში. მეზიზღები. 65 წელი შენი ტყვე ვიყავი. ყოველ დღე ახალი ცხოვრება მინდოდა. რამოდენიმეჯერ გაქცევაც ვცადე, მაგრამ მაინც ყოველთვის ვბრუნდებოდი, რადგან მივეჩვიე ამ ტყვეობას და ტკბილი გახდა.

ახლა მე ვერ გიშვებ...

ვიცი უნდა დაგემშვიდობო და ეს დამშვიდობება რომ შევძლო, უმტკივნეულოდ დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ არ შემიძლია... ველოდები შენ თვითონ როდის მოკვდები. შენ კი არ კვდები. იმიტომ რომ მე არ გიშვებ. რამე რომ მოხდეს ახლა შენი დაკრძლვაც პრობლემაა, არც ვიცი როგორ ჩავატარებ ამ პროცესს მარტო...

პაუზა.

-კარგი, ტორტის ჩაქრობის დროა, მოდი სანთელი ავანთოთ...

ნინა ტორტში ჩარჭობილ სანთელს ანთებს.

-აბა, მოემზადე თინა. სურვილი ჩაუთქვი? მზად ხარ?

თინა ხმას არ იღებს.

- მოდი, ერთად შევუბეროთ გინდა? აბა, ერთი, ორი და სამი!

ნინა ტორტს სულს უბერავს. თინა გაუნძრევლად ზის. ცრემლები მოსდის.

სცენა 7

-დედა, დეე, გამიშვი რა გარეთ, გთხოვ, რატომ არ მიშვებ? გეხვეწები, თამაში მინდა ბავშვებთან, ყველა გარეთაა. დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა, გამიშვი...

-კარგი, კარგი, საჩუქარი მაქვს შენთვის, შემოსასვლელში დევს, სარკესთან, მიდი, ნახე...

თინა შემოსასვლელში გადის. იქ მას დანარჩენი პატარა გოგოები ელოდებიან.

- თინა ნახე აქ საჩუქარია შენთვის, დედამ დატოვა, აი მანდ სარკესთან, მიდი აიღე... აიღე და წამო, ჩუმად გამოგვყევი...

თინა სარკესთან სახლის გასაღებს ხედავს. გოგოებთან ერთად კარს აღებს და გარეთ გადის.

ოთახში ნინა მარტო ზის გაშლილ სუფრასთან.

-თინა, არ წახვიდე... არ დამტოვო... გთხოვ, დაბრუნდი... დაბრუნდი... როგორ ვიცხოვრო მარტომ, უშენოდ... მე ვერ ვიცხოვრებ მარტო უშენოდ...მე არ ვიცი როგორია ცხოვრება უშენოდ... დაბრუნდი... არ დაბრუნდები?

დასასრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG