Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: სამი გარდაცვლილი ერთ დღეში - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 სექტემბერს


კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდი და სამი გარდაცვლილი ერთ დღეში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 3913-მდე გაიზარდა. პირველ ადგილზე შემთხვევების რაოდენობით ისევ აჭარაა.

გუშინ, ერთ დღეში სამი პაციენტი გარდაიცვალა, რაც ამ დრომდე დღიური რეკორდია. გარდაცვლილთაგან ერთი 77 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა, მეორე - 67 წლის კაცი ბათუმიდან და მესამე კი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი იყო. სამივე პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ქვეყანაში დაფიქსირებულ ახალ პიკს თან ახლდა ახალი კლასტერების გამოვლენაც. ერთ-ერთი ასეთი კლასტერი ე.წ. ყოფილი თანაკლასელების კლასტერი გახდა სოფელ დიღმიდან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მათი კონტაქტები უუკვე გამოვლენილია.

ყველა სიახლე კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

ეროვნული ბანკი დღეს ლარის გამყარების მიზნით ინტერვენციას განახორციელებს

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ეს იქნება სებ-ის კიდევ ერთი მცდელობა იმისთვის, რომ ლარმა გაუფასურება შეწყვიტოს.

გუშინ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. დღეისთვის კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2537 ლარი (22 სექტემბერი - 3.2295);
  • 1 ევრო - 3.8267 ლარი (22 სექტემბერი - 3.8050).

შეგახსენებთ, რომ ეს ამ თვეში პირველი ინტერვენცია არ არის ლარის სტაბილიზაციისთვის. 40 მილიონი ამერიკული დოლარი ეროვნულმა ბანკმა 16 სექტემბერსაც გაყიდა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში სულ 409 650 000 დოლარი გაყიდა.

აქ წაიკითხე დეტალები დღევანდელი გაცვლითი კურსის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლე გამოკითხავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მიერ მოწმის სახით გამოიკითხება. პროკურატუურის განცხადებით, საქმე ეხება იმ ე.წ. სატელიტის კადრებს, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა და რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, გაყალბებულია.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს“, - წერია განცხადებაში.

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ენგური გადმოცურა ზუგდიდში მოსახვედრად

ზუგდიდში, აფხაზეთთან საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად მდინარე ენგური გადმოცურა.

რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა უთხრა, რომ მამაკაცმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან დღეს მეუღლესთან ერთად გადმოლახა მდინარე ენგური. საოკუპაციო ხაზთან მათ შვილი ელოდებოდათ, რომლის ავტომობილშიც გარდაიცვალა მამაკაცი.

წაიკითხე მეტი.

ტრამპმა გაეროს მოუწოდა, კორონავირუსის გავრცელებისთვის პასუხი მოსთხოვოს ჩინეთს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს იმის გამო, რომ მან ვერ შეაჩერა კორონავირუსის გავრცელება, რამაც 200 ათასამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია ამერიკაში და მილიონამდე ადამიანისა - მთელ მსოფლიოში.

ტრამპი ჩინეთს ბრალს სდებს, რომ მან დროულად არ გაუზიარა მსოფლიოს ინფორმაცია ახალი დაავადების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთმა უჰანში პნევმონიის კლასტერების შესახებ პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს აცნობა. 2020 წლის 5 იანვარს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად გაავრცელა ინფორმაცია ახალი ვირუსის აღმოჩენის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

COVID-19 და ერთი ტესტი - საერთაშორისო მეთვალყურეები (არ) ჩამოდიან?

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯერჯერობით რეგისტრირებულია მხოლოდ 6 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, წელს პირველად ინერგება დისტანციური მეთვალყურეობის მექანიზმი. თუმცა დამკვირვებლების უმეტესობა საქართველოში ფიზიკურად ჩამოვა. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა საგანგებოდ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შემუშავებული რეგულაციების ზოგიერთი დეტალი, თუმცა წერილობითი დოკუმენტის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა.

დამკვირვებლების მისია საქართველოში აეროპორტში PCR-ტესტის გაკეთებით დაიწყება. კიდევ რა წერია საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის შემუშავებულ რეგულაციებში? უსაფრთხოების რა ზომებია განსაზღვრული მათთვის სასტუმროებში დაბინავების შემდეგ?

წაიკითხე მეტი.

ელენე ნემსაძე პროფესიით ფინანსისტია. მინიატურული სახლების, მინიატურული კულინარიული ნაწარმის, ყვავილებისა და სხვა ნივთების კეთება რამდენიმე თვის წინ, კარანტინის პერიოდში დაიწყო.

მინიატურულ სამყაროში ის სამსახურის შემდეგ ინაცვლებს და ამბობს, რომ ეს არცთუ ისე იოლი საქმე, ავიწყებს დაღლასაც და მთელი დღის რუტინასაც. ელენეს თავის მინიატურულ ნივთებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებიც აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG