Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს შორის სატელეფონი საუბარი შედგა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ ბრაიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარიამ და რობერტ ო’ ბრაიანმა ხაზი გაუსვეს ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და აშშ-სა და საქართველოს შორის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას და ადგილზე არსებულ გამოწვევებს.

გიორგი გახარიამ რობერტ ო’ ბრაიანი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG