Accessibility links

ზუგდიდში კორონავირუსი მერიის თანამშრომლებსაც დაუდასტურდათ


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის 3 მერიის თანამშრომელია. როგორც ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განუცხადა, ბევრი არ უნდა იყოს მათთან კონტაქტში მყოფების რაოდენობა, რადგან მერია ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. მისი სიტყვებით, ადგილზე თანამშრომელთა მხოლოდ 30% იმყოფება.

„თანამშრომლების კონტაქტები არის მინიმალური, თუმცა ჩვენ ვატარებთ ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა შემთხვევის გამოვლენა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება, ადმინისტრაციულ შენობას კი დეზინფექცია.

მერის ცნობით, ტესტირების და დეზინფექციის პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

22 სექტემბერს, ზუგდიდში კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა - ერთი 50 წლამდე მამაკაცია, ოქროს ბირჟაზე დასაქმებული, მეორე კი, 72 წლის ქალია, რომელიც ეკლესიაში მესანთლედ მუშაობდა.

22 სექტემბრის საღამოსთვის ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულების 70-მდე კონტაქტი დაადგინეს. კორონავირუსზე გამოიკვლიეს დაახლოებით 400-მდე ადამიანი. დღევანდელ მონაცემებში აისახა ამ გამოკვლევების შედეგები.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1643.

COVID-19-ით გარდაიცვალა 25 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG