Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 200,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა


აშშ-ში 22 სექტემბერს 200,000 ადამიანს გადააჭარბა ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა, ხოლო ვირუსით კიდევ ორი მნიშვნელოვნად დაზარალებული ქვეყანა, მექსიკა და ბრაზილია, ინფიცირების კიდევ ათასობით შემთხვევაზე იუწყებიან.

აშშ-ში დაღუპულთა შესახებ მონაცემი გამოქვეყნდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებსაიტზე, ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებზე დარყდნობით. მაჩვენებლის გამოქეყნება ექვსი კვირით უსწრებს წინ 3 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარმა, ჯენიფერ ნუზომ, მონაცემს "სრულიად წარმოუდგენელი" უწოდა, ხოლო აშშ-ის მთავრობის წამყვანმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ თქვა, ეს მაჩვენებელი "ძალიან გამომაფხიზლებელია, გარკვეული თვალსაზრისით შოკისმომგვრელიცო".

აშშ-ში საშუალოდ 800-მდე ადამიანი იღუპება დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად. ეს მაჩვენებელი მაინც შემცირებულია აპრილის შუა პერიოდთან შედარებით, როცა ერთ დღეში სიკვდილის 2,800 შემთხვევაზე მეტი აღირიცხა. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და პანდემიაზე აშშ-ის ხელისუფლების რეაგირება ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა წინასაარჩევნო პერიოდში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებით, "დასანანია" და "საშინელი რამაა" ის, რომ აშშ-ში დაღუპულთა რიცხვმა 200,000-ს მიაღწია - თუმცა ტრამპმა იქვე დასძინა, ეს მაჩვენებელი შეიძლებოდა გაცილებით უარესი ყოფილიყოო. ტრამპის დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა მონაცემს "თავზარდამცემი" უწოდა. "პანდემიამ დამანგრეველი ადამიანური მსხვერპლი მოიტანა - და ამას ვერ დავივიწყებთ" - განაცხადა ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG