Accessibility links

პუტინმა ეროვნულ გვარდიას უბრძანა "სამხედრო-პოლიტიკური" სამუშაოს შემოღება


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ეროვნულ გვარდიაში "სამხედრო-პოლიტიკური სამუშაოს" შემოღების ბრძანება გასცა, რითიც გზა გაუხსნა საბჭოთა ყაიდის იდეოლოგიზირებულ პოლიტიკურ განათლებას გვარდიის რიგებში.

ბრძანება, რომელსაც პუტინმა 21 სექტემბერს მოაწერა ხელი, არ აკონკრეტებს დეტალებს იმაზე, თუ რას მოიცავს ეს ახალი პრაქტიკა. თუმცა ბრძანების გამოცემას წინ უსწრებდა ეროვნული გვარდიის (როსგვარდია) ხელმძღვანელის, ვიქტორ ზოლოტოვის მიერ გეგმების გამოცხადება "სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუქტორების" ინსტიტუტის შემოღების თაობაზე რუსეთის ფედერალურ სამსახურში.

ეროვნული გვარდია 2016 წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედროების ბაზაზე, ის არ არის შეიარაღებული ძალების ნაწილი და ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე - როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის. არმიის გენერალი ზოლოტოვი უშიშროების საბჭოს წევრია და მას პუტინის ერთგულ პირად განიხილავენ.

ეს ახალი ზომა მორიგი ნიშანია სამხედროთა პოლიტიკური იდეოლოგიით და პროპაგანდით ინდოქტრინაციის პრაქტიკასთან დაბრუნებისა, რომელიც 1919 წელს დაიწყო საბჭოთა რუსეთში და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დასრულდა.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის რუსეთის შიდაპოლიტიკის პროგრამის მკვლევარი, წამყვანი ანალიტიკოსი ანდრეი კოლესნიკოვი გამოდის ვარაუდით, რომ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლითაც ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებები გაიზარდა, შეიძლება განხილული იყოს როგორც "ამბოხებისთვის მზადება" რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG