Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტუმრად მყოფ 3 თვის ბავშვს COVID 19 დაუდგინდა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში, ბებიასთან სტუმრად მყოფ 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის ინფიცირების წყაროა ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერი.

ჩვილი დედამ აჭარიდან სოფელ ფონაში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ისინი იმ პირების ნათესავები არიან, რომელთა ინფიცირების წყაროდაც მიიჩნევა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა გიორგი გოზალიშვილმა განაცხადა, ბავშვს რამდენიმე დღის წინ მაღალი ტემპარატურა ჰქონდა, რის გამო ადგილობრივ ცხელების ცენტრში მიიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

ბავშვი ახლა დედასთან ერთად თბილისის ერთ-ერთ კოვიდ მიმღებ კლინიკაში იმყოფება. პარალელურად, ბიოლოგიური მასალა აუღეს ჩვილის დედასაც, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.

11 სექტემბრიდან დღემდე კახეთში კორონავირუსის 39 შემთხვევა დადასტურდა. უმეტესობა - 16 შემთხვევა სოფელ მატანშია, 13 კოვიდინფიცირებულია ლაგოდეხში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 1 ყვარელში.

ეპიდსიტუაციის გართულების გამო მატნის ორ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1643.

COVID-19-ით გარდაიცვალა 25 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG