Accessibility links

ირაკლი ანთაძე: ერგნეთის შეხვედრაზე განვიხილავთ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები იქნება, ამ კონტექსტში კი მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე გაკეთდება. ირაკლი ანთაძის თანახმად, შეხვედრაზე მოისმენენ ინფორმაციას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასამართლო პროცესების შესახებ.

„ასევე ვისაუბრებთ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პრობლემებზე და ყველა იმ თანამდევ პროცესებზე, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით.“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე დააყენებს ასევე ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს, ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე:

„აღნიშნული საკითხი არაერთგზის დამდგარა და გაჟღერებულა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოხდება ამ საკითხის გააქტიურება“, განაცხადა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

გუშინ თამარ მეარაყიშვილის დახმარებისა და მისი დევნისა და შევიწროვების საკითხის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის შეხვედრაზე დაყენების მოწოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტმა მიმართა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წერილში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება, სადამსჯელო მექანიზმად კი მისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიყენა.

დღეს იწურება ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ შეუფარდა საოკუპაციო ხაზთან ივლისში დაკავებულ ზაზა გახელაძეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე დაკავებისას ფეხში დაჭრეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, დე ფაქტო პროკურატურა ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.

ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ზაფხულში დაკავებული, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილიც, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროშია სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, შემდეგ ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ბოლო ხანს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „საზღვრის“ მოწყობის სამუშაოები განაახლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, ხურვალეთთან და ზემო ნიქოზთან და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან.

ერგნეთში წინა შეხვედრა 30 ივლისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG