Accessibility links

ისრაელი და საფრანგეთი ამკაცრებენ კორონავირუსთან ბრძოლის ზომებს


ისრაელი და საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც ახალი შეზღუდვები გამოაცხადეს კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად. ასეთ ფონზე, აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებენ, რომ ვაქცინის შემუშავებას მთელი არსებული ძალისხმევა მოხმარდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ჰეთანიაჰუს კაბინეტმა გადაწყვიტა გაამკაცროს კორონავირუსის ე.წ. "ლოკდაუნი" - იუწყება ახალი ამბების ვებსაიტი YNet 24 სექტემბერს. ნეთანიაჰუმ მანამდე გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად მოქმედი შეზღუდვები "სრულ ლოკდაუნამდე" გამკაცრდება ორი კვირით, 25 სექტემბრიდან, COVID-19-ის მზარდი მაჩვენებლის ფონზე. ისრაელი "ლოკდაუნს" 18 სექტემბერს დაუბრუნდა, მაგრამ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ ახლახან თითქმის 7000-ს მიაღწია.

საფრანგეთმა 23 სექტემბერს გამოაცხადა ახალი შეზღუდვები, რომლებიც ეხება ბარებს და სპორტდარბაზებს. ანალოგიური ზომები შემოიღო ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც, ბოლო თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო.

აშშ-ის ხელისუფლების წამყვანი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, არის ოპტიმისტური მოლოდინი, რომ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში იარსებებს. ფაუჩის ამ განცხადებამდე კომპანია Johnson & Johnson-მა გამოაცხადა, რომ თავისი ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაში შედის, მას შემდეგ, რაც წინა ეტაპებმა დადებითი შედეგები მოიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG