Accessibility links

ჩეხეთში წუხელ კორონავირუსის 2309 შემთხვევა გამოვლინდა. 25 პაციენტი გარდაიცვალა


ჩეხეთში, სადაც სექტემბრის თვეში დამძიმდა ეპიდემიური ვითარება, წუხელ კორონავირუსის 2309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 24-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი.

ეპიდემიის განმავლობაში ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 55 464 ადამიანი, 555 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო ჩეხეთის მთავრობის განკარგულებით 24 სექტემბრიდან ბარები და რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ღამის 10 საათამდე იმუშავებენ.

ეს შეზღუდვა ძალაში იქნება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. 18 სექტემბრიდან გამკაცრდა სანიტარული მოთხოვნები. უმაღლესი სასწავლებლები სწავლების დისტანციური მეთოდზე გადავიდნენ, ხოლო საშუალო სკოლის მოწაფეები ვალდებულები არიან როგორც სასწავლო კლასებში, ისე დერეფნებში ატარონ დამცავი პირბადეები.

აიკრძალა ღია სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება პირბადის გარეშე.

ყველა სახის ტრანსპორტსა და დაწესებულებაში ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება. გაუქმებულია ყველა სახის მასობრივი ღონისძიება.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ჩეხეთის მოქალაქეებისათვის მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესეს ნიდერლანდმა, ბელგიამ, დანიამ და კვიპროსმა. მეზობელ სლოვაკეთში ჩასული ჩეხეთის მოქალაქეები ვალდებული არიან იქონიონ კოვიდ-ტესტები ან გაიარონ ორკვირიანი კარანტინი.

გერმანიაში კი მხოლოდ პრაღისა და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონის მცხოვრებლებისათვის არის სავალდებულო ტესტირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG