Accessibility links

დღეიდან აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 სექტემბერს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 164 აჭარაში გამოვლინდა. წითელ ზონად ქცეულ აჭარაში გუშინ 26-ე პაციენტიც გარდაიცვალა.

შექმნილი ვითარების გამო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში გარკვეული შემთხვევები აამოქმედოს. დღეიდან იქ საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები კი 22 საათიდან დილამდე აღარ იმუშავებენ.

აჭარაში 1 ოქტომბერს აღარც სკოლები გაიხსნება. დანარჩენ საქართველოში კი 1-6 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ახლა დისტანციურად სწავლობენ, ოქტომბრიდან ისევ სკოლებში დაბრუნდებიან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ყველა სიახლე კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

დავით გარეჯი: ახალი მოლოდინი აზერბაიჯანელი მინისტრის თბილისში სტუმრობის ფონზე

24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია "დამატებითი მასალები, კარტოგრაფიული და ასევე ახალი დოკუმენტები", რომელთა საფუძველზეც შესაძლოა გადაიხედოს 2006-2007 წლებში გაფორმებული შეთანხმება. ისტორიკოსები ვერც მსგავს შეთანხმებას იხსენებენ და არც საქართველოსთვის უფრო სასარგებლო ახალი რუკები ეგულებათ.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება 2019 წელს დაიძაბა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.

როგორც გარეჯის ლავრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა კირიონმა 24 სექტემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებამდე ისინი ჯერ ისევ ვერ მიდიან - „როგორი მდგომარეობაც იყო ერთი წლის წინ, არაფერი შეცვლილა“.

რას ამბობს აზერბაიჯანი დავითგარეჯთან დაკავშირებით და როგორია ქართული მხარის მოლოდინი, წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება თითქმის ამოიწურა - ნახე ვისი არჩევა შეგიძლია შენი ოლქიდან

აქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან 25-ში მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა საარჩევნო ბლოკმა „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“. მასში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთან ოთხი პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული.

„ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ბოლო საარჩევნო სუბიექტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა, თუმცა მათი დიდი ნაწილი ამა თუ იმ ფორმით უკვე იყვნენ წარდგენილები.

თბილისის ხუთი საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთ ნაწილს საერთო კანდიდატები ჰყავს წარდგენილი, მიუხედავად ამისა, არცერთი ოლქი არ განიცდის კანდიდატთა ნაკლებობას.

აქ ნახე ვინ დაგხვდება შენი ოლქის საარჩევნო ბილეტენში 31 ოქტომბერს უბანზე მისვლისას.

დღეს კენჭს უყრიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორს

საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე საათში ახალი დირექტორი ეყოლება. კენჭისყრა დღეს 15:00 საათზე გაიმართება. 9-წევრიან სამეურვეო საბჭოს დირექტორის არჩევა 3 კანდიდატიდან მოუწევს. ესენი არიან: ხათუნა ლაგაზიძე, ირმა სოხაძე და თიიკო ბერძენიშვილი. მეოთხე კანდიდატმა ალექსანდრე ვახტანგოვმა კანდიდატურა გასაუბრების დასრულების დროს მოხსნა.

ახალი დირექტორის კონკურსში განაცხადების მიღების შემდეგ სამეურვეო საბჭომ ამ თანამდებობაზე ხელფასი 2,5-ჯერ 12 500 ლარამდე გაზარდა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო, ვკითხეთ, ადამიანების მოსაზიდად რატომ არ გაზარდეს ხელფასი კონკურსის დასრულებამდე.

"შეიძლება განცხადება შემოეტანა 30 ან 50 ადამიანს. აქ წამყვანი იქნებოდა ხელფასი და არა მაუწყებლის მიმართ ინტერესი", - თქვა ირინა ფუტკარაძემ.

რაზე გაამახვილეს ყურადღება კანდიდატებმა გასაუბრებაზე და როგორ ხედავენ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას - წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტის საკითხი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტის საკითხი დასვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხის განხილვის შემდეგ ცხინვალელი მონაწილეები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ.

მეარაყიშვილის დახმარებისა და მისი დევნისა და შევიწროვების საკითხის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე დაყენების მოწოდებით ხელისუფლებას ერთი დღით ადრე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მიმართა.

გუშინ ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის განმრთელობის მდგომარეობის საკითხეზე ისაუბრა.

წაიკითხე მეტი.

„კავკასია - 2020“-ისა და „სლავური ძმობის“ პოლიტიკური განზომილება

ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვთან შეთანხმებით გადაწყვიტა 21 სექტემბრიდან კიდევ რამდენიმე დღით გაეგრძელებინა რუსულ-ბელარუსული სამხედრო სწავლება „სლავური ძმობა - 2020“, რომელშიც ევროკავშირის ზეწოლით წელს მონაწილეობაზე უარი თქვა მოსკოვის მოკავშირე სერბეთმა.

აღსანიშნავია, რომ, იმავდროულად, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთსა და მის მიმდებარე საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, სტარტი აიღო სტრატეგიულმა სამხედრო სწავლებამ „კავკასია - 2020“, რომელშიც, რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, მონაწილეობს 80 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 1000-მდე სხვადასხვა სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტექნიკა.

რატომ გაააქტიურა რუსეთმა სამხედრო წვრთნები სხვადასხვა ფლანგზე და ვინ არის მისი წარმოსახვითი სამიზნე? - წაიკითხე მეტი ალექსანდრ გოსტევისა და კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად 23 სექტემბერს დაასახელეს. ის ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში იყრის კენჭს. ორ დღეში წყალტუბოში გადადის და იქიდან აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. არ აპირებს უარი თქვას ჟურნალისტიკაზე და მისი გადაცემა, „სხვა ნანუკა“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კვლავ გავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG