Accessibility links

პუტინმა აშშ-ს "ჩაურევლობის გარანტიების გაცვლა" შესთავაზა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს შესთავაზა, „გაცვალონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, ჩაურევლობის გარანტიები“. განცხადება დღეს გამოქვეყნდა კრემლის საიტზე. ის არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენებთან.

განცხადების ყურადღების ცენტრშია წინადადება, შემუშავებულ იქნეს „ზომების კომპლექსური პროგრამა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის აღსადგენად საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში“. დოკუმენტში ლაპარაკია რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში.

კერძოდ, წამოყენებულია წინადადება, უზრუნველყოფილ იქნეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირის არხები „ბირთვული საფრთხის შემცირების ცენტრებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ჯგუფების ხაზით.“

რუსეთის წინადადება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმების მიღწევას საინფორმაციო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. არჩევნებში ჩაურევლობის გარანტიებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი მიცემულ უნდა იქნეს „ურთიერთმისაღები ფორმით“ და უნდა ეხებოდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ასევე პუტინი გამოდის წინადადებით, მიღწეულ იქნეს გლობალური შეთანხმება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველ დარტყმაზე უარის შესახებ.

ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი კრემლის განცხადებაზე.

აშშ-ს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი ძირგამომთხრელ მოქმედებებში საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. მათ შორისაა მასშტაბური კიბერთავდასხმები უცხო ქვეყნებზე (კერძოდ - უკრაინაზე, საქართველოზე, მაგრამ ასევე თავად აშშ-ზე) და საერთაშორისო ორგანიზაციებზე; ჰაკერული თავდასხმები (მათ შორის 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებზე - რაც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო); ასევე ე.წ. „ტროლების ფაბრიკების“ მოქმედება, „ფეიკ ცნობების“ განთავსება ინტერნეტში, სოცქსელების გამოყენება არჩევნებში და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის უცხოეთის ქვეყნებში.

კიბერთავდასხმებში კერძოდ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურებს, განსაკუთრებით - გენშტაბის მთავარ სამმართველოს (გრუ), ასევე ე.წ. „საინტერნეტო კვლევის სააგენტოს“, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთანაა დაკავშირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG