Accessibility links

უზენაესი სასამართლოს წევრის, რუთ ბეიდერ გინზბურგის ცხედარი კაპიტოლიუმში ასვენია


აშშ-ში, კაპიტოლიუმის შენობის ეროვნულ სკულპტურათა შენობაში დაასვენეს უზენაესი სასამართლოს წევრის, რუთ ბეიდერ გინზბურგის ცხედარი. გინზბურგი პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელსაც ერგო ეს პატივი.

გინზბურგი 18 სექტემბერს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. ოდესელი ემიგრანტის ქალიშვილი აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა.

გინზბურგის კანდიდატურა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წამოაყენა 1993 წელს და დროთა განმავლობაში ის უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის სიმბოლოდ იქცა.

მისი მონაწილეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებმაც დაამტკიცა აბორტზე ქალების უფლება, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, რასობრივ უმცირესობათა უფლებები.

მოსამართლის გარდაცვალებამ გაამწვავა დაპირისპირება 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვინაიდან რესპუბლიკელებს გაუჩნდათ შანსი, გაამყარონ უზენაეს სასამართლოში კონსერვატორთა უმრავლესობა. სასამართლოს ამჟამინდელ შემადგენლობაში ხუთი მოსამართლე რესპუბლიკელი პრეზიდენტების მიერაა დანიშნულია, ოთხი - დემოკრატების.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განთავისუფლებულ ადგილზე კანდიდატურას უახლოეს მომავალში წამოაყენებს და არ დაელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს. პრეზიდენტის თქმით, კანდიდატთა სია უკვე შედგენილია, პრიორიტეტი ენიჭება ქალს.

პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის გეგმა და მას „პოლიტიკური ძალის უხეში გამოყენება“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG