Accessibility links

თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო კარგად უმკლავდება პანდემიას


„ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ“, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის პოსტს ინფექციური საავადმყოფო აქვეყნებს.

26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 შეადგინა. ეპიდემიის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ცერცვაძე „მკრეხელობად“ მიიჩნევს ცალკეული ადამიანების მცდელობას, რომლებიც საქართველოში გარდაცვალების დღეში ერთეულ შემთხვევებს „უაპელაციოდ უწოდებენ“ ნახტომისებურ ზრდას და არ იზიარებს შეადარებას, რომ „საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს“.

„ვნახოთ, როგორია სინამდვილე: საქართველოში 26 სექტემბრისთვის სულ გვაქვს COVID-19-ით გარდაცვალების 28 შემთხვევა, რაც 10-ჯერ, 100-ჯერ, და 1000-ჯერ ნაკლებია ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით.COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს დაავადებათა შემთხვევების მხოლოდ 0.56 პროცენტს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და თითქმის უტოლდება პანდემიური გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა „წარმატებით“ ახდენს პანდემიით გამოწვეული ზიანის და დანაკარგების მინიმიზაციას.

„თან ისე რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას მოსახლეობას, ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კამპანიას და საკუთრივ არჩევნებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დღემდე 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG