Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღეზე: ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით


"ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება", - ასე ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის დღიდან 27 წლისთავს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

"27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, ასობით ათასი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აფხაზეთში 13 თვიან სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის არმია.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ყველა მათგანი დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან თითქმის 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG