Accessibility links

აზერბაიჯანი სოფლების გათავისუფლებას იუწყება, მთიან ყარაბაღში პოზიციების დაკარგვას ადასტურებენ


აზერბაიჯანის არმიის ტექნიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არმიის ქვედანაყოფები განაგრძობენ შეტევას სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე.

აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, ტალიშთან მოკლული და დაჭრილია სომხეთის არმიის 550-ზე მეტი სამხედრო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი, 15 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 18 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 საარტილერიო დანადგარი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი. აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, მოკლულია სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მეთაური ლერნიკ ბაბაიანი.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კვირას, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 200-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო და განადგურებულია მოწინააღმდეგის 30 ტანკი და 20 უპილოტო აპარატი.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა მათ წინააღმდეგ იბრძვის არა აზერბაიჯანი, არამედ თურქეთი.

არაიკ არუთუნიანი
არაიკ არუთუნიანი

არუთუნიანმა აღიარა, რომ პოზიციები დაკარგეს სამხრეთში, ძირითადად, სოფელ ტალიშის მიმართულებით. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჰყავთ ათეულობით დაღუპული.

არაიკ არუთუნიანის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია არა მხოლოდ თურქეთის უპილოტო აპარატები და თვითმფრინავები, არამედ სამხედრო შენაერთებიც და დაქირავებული შეიარაღებული პირები და მოხალისეები სხვა ქვეყნებიდან, მაშინ როცა მთიანი ყარაბაღი მხოლოდ თავის ძალებს იყენებს და მოხალისეებიც მხოლოდ სომხეთიდან იქნებიან.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმციით, თავდაცვის არმიამ თურქული თვითმფრინავი F-16 ჩამოაგდო.

„ჩვენ დავკარგეთ პოზიციები და კიდევ დავკარგავთ. მაგრამ პოზიციებსაც აუცილებლად დავიკავებთ. მტრის გეგმა ჩაიშლება“, - განაცხადა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერმა.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები კვირას, 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. კვირას ორივე მხარე იუწყებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG