Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ კიდევ 15 სამხედროს დაღუპვა დაადასტურა


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტროლი აღდგენილია რამდენიმე დაკარგულ პოზიციაზე. რომელ პოზიციებზე მითითებული არ არის.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, პოზიციების აღდგენის შედეგად, მოწინააღმდეგის რამდენიმე ათეული გვამი სომხეთის მხარეზე დარჩა. სტეპანიანის ცნობითვე, მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლა მიმდინარეობდა სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის მიმართულებებით.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 28 სექტემბერს განაცხადეს, რომ დაიღუპა კიდევ 15 სამხედრო. 27 სექტემბერს სომხურმა მხარემ 16 ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა.

გამთენიისას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით გათავისუფლებულია ათამდე სოფელი, კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე და სოფელ ტალიშთან მოკლული და დაჭრილია სომხეთის არმიის 550-ზე მეტი სამხედრო. მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა აღიარა, რომ პოზიციები დაკარგეს სამხრეთში, ძირითადად, სოფელ ტალიშის მიმართულებით და ჰყავთ ათეულობით დაღუპული.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG