Accessibility links

ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას თბილისში ეკლესიის ასაშენებლად ტერიტორიას გამოუყოფენ


რელიგიის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას თბილისში ეკლესიის ასაშენებლად ტერიტორიას გამოუყოფენ. ტერიტორია ეკლესიას მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა, თუმცა მისი საკუთრება არ იქნება. საკითხზე რელიგიის სააგენტოში დღეს, 28 სექტემბერს იმსჯელეს.

"ჩვენი ეკლესია იდგა დიდი პრობლემის წინაშე თბილისში, რადგან არ გვაქვს საკულტო ნაგებობა, არ გვაქვს ეკლესიის შენობა და ჩვენი მრევლი იძულებული იყო სხვა ქალაქებში ევლოთ", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ეკლესიის წარმომადგენელმა, შმაგი ჭანკვეტაძემ.

მისი თქმით, ჯერ მათთვის ცნობილი არაა, კონკრეტულად რა ადგილზე გამოიყოფა მიწის ნაკვეთი, თუმცა, სავარაუდოდ, სოფელ დიღმის ტერიტორია მოიაზრება.

დღეს რელიგიის სააგენტომ ჯამში 33 საკითხი განიხილა. აქედან უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იყო დაყენებული. სააგენტომ მათი 26 მოთხოვნიდან 20 დააკმაყოფილა და მათ ცალ-ცალკე 10 ათასი ლარის ფარგლებში გადაუდებელი სამუშაოების შესრულება შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG