Accessibility links

16 წელი მიესაჯა კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 16-წლინი პატიმრობა მიუსაჯა ბიძინა ჩაჩხიანს კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. ინფორმაციას ამის თაობაზე საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

„საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა. შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა”, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმად ბრალდებული სასამართლო განხილვებისას თავს დამნაშაცედ არ ცნობდა.

„თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ბიძინა ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი წარსულში ნასამართლევია. პატიმრობიდან ამნისტიით იგი 2012 წელს გათავისუფლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG