Accessibility links

ექიმი: კოვიდინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლია გახდა


საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე-ე პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი და ტუბერკულოზი ჰქონდა, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოემბოლია გახდა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ. მისი თქმით, კოვიდ დადასტურებული 65 წლის მამაკაცი კლინიკაში 26 სექტემბერს ღამით შეიყვანეს.

„65 წლის მამაკაცი იყო ქუთაისიდან გადმოყვანილი. რომელიც ჩვენთან მკურნალობდა, ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები და დღეს დილით საჭირო გახდა რეანიმაციული ჩარევა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დადგა გარდაცვალება“, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 5866-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 270 პაციენტი. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სულ გამოჯანმრთელებულია 2324.

თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 5866 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG