Accessibility links

"ქართული ოცნების" უცვლელი მინისტრი, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს


საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ის ერთადერთი მინისტრი იყო, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში არ შეცვლილა. თანამდებობის დატოვება მას საარჩევნო სიაში ყოფნის გამო უწევს.

მან თანამდებობის დატოვების წინ მუშაობის 8-წლიანი ანგარიში წარადგინა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, თანამებრძოლებს, გულშემატკივრებს, პარტნიორებს, ოჯახს.

"მინდა გითხრათ ყველას მადლობა თუნდაც რჩევისთვის, კეთილი ღიმილისთვის. რთულ მომენტებში განსაკუთრებით", - თქვა წულუკიანმა.

მან ცალკე ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობაზე.

"მე მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს. არამხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანას მოაშორა უბედურება. თუ ადამიანი არ არის სინდისთან მწყრალად და მადლიერების განცდა მას უფალმა ჯერ არ წაართვა, ასეთი ადამიანები თავისით იტყვიან მადლობას, რადგან ამის დანახვა შეუძლებელია. მე მინდა ვთქვა სხვანაირი მადლობა. დღეს მან თქვა, არ მოვალო იმიტომ, რომ მადლობის მოსმენა არ მიყვარსო. ეს მართლაც ასეა. მაგრამ მე მაინც მადლობას ვუხდი, რომ ის მხარს მიჭერდა რჩევით, ხანდახან მწვავე კრიტიკითაც და ხელს მიწყობდა არ დავცემულიყავი. გვაძლევდა და მე მაძლევდა შესაძლებლობა მეკეთებინა ეს საქმე 8 წლის განმავლობაში, რასაც ქვეყნის განვითარების აგურის დადება ჰქვია", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანი "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი სიის 20-ეულში მეოთხე ნომრად დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG