Accessibility links

მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის"


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებით, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს.

კოალიცია მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს. მას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს.

29 სექტემბერს მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს დაშავდნენ „მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი, მათ დაუზიანეს კამერა და მიკროფონი. ასევე, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფის ოპერატორს, დაუმტვრიეს კამერა. თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენელს

მომხდარი ჩხუბის შემდეგ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, თავს დაესხნენ მათ აქტივისტებს.

საღამოს მომხდარ დაპირისპირებას წინ უსწრებდა დღესვე დღის პირველ ნახევარში მარნეულის 22-ე საარჩევნო კომისიიის წინ მომხდარი შეხლა-შემოხლა, როცა არჩევნებში მონაწილე ამ ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ.
ორივე ინციდენტის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო: ძალადობის (126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით. ამჟამად „პირველი არხის" ჟურნალისტი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG