Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები


Nagorno Karabakh map, google earth

გაეროს უშიშროების საბჭომ თავის საგანგებო სხდომაზე აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედება“ სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის. ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო AFP.

საბჭოს 15-მა წევრმა მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, დაუყოვნებლ შეწყდეს სამხედრო მოქმედება, განიმუხტოს ვითარება და დაუბრუნდნენ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას გადადების გარეშე. საბჭოს წევრებმა მკაცრად დაგმეს ძალის გამოყენება და სინანული გამოხატეს მსხვერპლის გამო, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობაში.

საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება ცნობების გამო, რომ კონფლიქტის ზონის მთელ, ე.წ. კონტაქტის ზოლზე მიმდინარეობს სამხედრო მოქმედება.

საბჭო ადასტურებს, რომ „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი) ცენტრალურ როლს, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შუამავლობით გამოდის.

ის მოუწოდებს მხარეებს ითანამშრომლონ თანათავმჯდომარეებთან „წინაპირობების გარეშე დიალოგის გასაგრძელებლად“.

29 სექტემბერს ერევანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო თურქეთის გამანადგურებელმა, F-16-მა, სომხეთის საჰაერო სივრცეში. თურქეთმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის ტელევიზიით განაცხადა, რომ თურქეთი ამ კონფლიქტში მხარე არ არის და მონაწილეობს მასში, მხოლოდ მორალურად ემხრობა აზერბაიჯანს. ამავე პროგრამით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა თურქეთის მონაწილეობის შესახებ მიმდინარე კონფლიქტში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის, აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი, მთიანი ყარაბაღის გარშემო მესამე დღეს მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება, რასაც 29 სექტემბერს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამინდელი კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო ყველაზე მძაფრია 2016 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG