Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართება 30 სექტემბერს  


საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის (TCEI) წარადგენს დათქმას (არჩევნებში კეთილსინდისიერი/პატიოსანი მონაწილეობის შესახებ).

კომისიის თავმჯდომარე და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 30 სექტემბერს ონლაინპრესკონფერენციაზე საჯაროდ გაახმოვანებს ინიციატივის შესახებ და მოიწვევს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ კანდიდატებს, დათქმაზე მიერთებით პირობა დადონ, რომ პირდაპირ თუ ირიბად ხელს არ შეუწყობენ არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს.

დათქმის წარდგენის ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ტრანსატლანტიკური კომისია აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მომავლისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ტრანსატლანტიკური კომისიის განცხადებით, ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად გარე ძალები სწორედ არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდებიან. საგარეო ჩარევის საფრთხის წინაშე პოლიტიკური პარტიები ბრძოლის წინა ხაზზე არიან. კომისია მიიჩნევს, რომ ღირსეული, სამართლიანი და გამჭვირვალე კამპანიის წარმოებით პოლიტიკურ პარტიებსა და ინდივიდუალურ პოლიტიკურ კანდიდატებს შეუძლიათ შეამცირონ
საგარეო ჩარევის რისკი.

დათქმაზე ხელმოწერით, პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკას, რაც პირდაპირ თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს. უფრო კონკრეტულად, დათქმაზე ხელის მომწერები პირობას დებენ, რომ არ გაავრცელებენ ცრუ და ყალბ ინფორმაციას/მასალას, არ გაავრცელებენ ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებული პირადი ხასიათის აუდიო ან ვიდეო მასალებს და Deepfake​-ვიდეოებს, გამჭვირვალეს გახდიან ე.წ. „ბოტების" ქსელების გამოყენებით საარჩევნო მასალების გავრცელების პრაქტიკას, ყურადღებას დაუთმობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას და გამჭვირვალეს გახდიან საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.

დათქმის ოფიციალური წარდგენით კი ტრანსატლანტიკური კომისია უხმობს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ კანდიდატებს და ასევე დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუერთდნენ ინიციატივას და დააფიქსირონ დათქმაზე თავიანთი ხელმოწერა.

დათქმაზე ხელი უკვე მოაწერეს შემდეგი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა და წარმომადგენლებმა: „ქართული ოცნება", „ევროპული საქართველო", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ერთიანი საქართველო - „დემოკრატიული მოძრაობა".

დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის წევრობის მოსაპოვლებლად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, პირობას ვდებთ, რომ არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ იმათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას. კერძოდ კი, აქ ხელის მოწერით, პირობას ვდებთ, რომ:

  • არ დავამზადებთ, არ გამოვიყენებთ და არ გავავრცელებთ ცრუ და ყალბ, ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებული პირადი ხასიათის ან მოპარულ მონაცემებს და მასალას, დეზინფორმაციის ან პროპაგანდის მიზნებისთვის;
  • თავიდან ავიცილებთ ცრუ აუდიო, ვიდეო ან ფოტო, მათ შორის Deepfake-ტექნოლოგიით დამზადებული მასალების გავრცელებას, რომლებიც ყალბად განასახიერებენ არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს;
  • გამჭვირვალეს გავხდით „ბოტების" ქსელების გამოყენებას საარჩევნო მასალების გავრცელებისთვის. მოვერიდებით ოპონენტებზე თავდახსმას, ამ ქსელების მესამე მხარეების და მარიონეტების საშუალებით;
  • აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ კიბერუსაფრთოების გასამტკიცებლად და კიბერშეტევების დროულად ამოცნობის და თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თანამშრომლების ჩავუტარებთ სწავლებებს მედია წიგნიერებასა და რისკების გაცნობიერებაში;
  • გამჭვირვალეს გავხდით ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG