Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი - "საქართველოს პარტიებისთვის ჩემი გზავნილი მარტივია: მოაწერეთ ხელი დათქმას!“


ანდერს ფოგ რასმუსენი, "არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის ტრანსატლანტიკური კომისიის" თავმჯდომარე, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი
ანდერს ფოგ რასმუსენი, "არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის ტრანსატლანტიკური კომისიის" თავმჯდომარე, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი

"ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის" (TCEI) გამოვიდა ინიციატივით და 30 სექტემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ხელმოსაწერად შესთავაზა „დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობის შესახებ“.

კომისიის თავმჯდომარემ, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა 30 სექტემბერს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა:

„ეს არის გლობალური სტანდარტი ჯანსაღი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის. ვინაიდან პოლიტიკური ლიდერები და კანდიდატები არიან საგარეო ჩარევის საფრთხის წინა ხაზზე, ჩვენი კომისია იწვევს მათ ხელი მოაწერონ ამ დათქმას. თუმცა, ამ დათქმის აუდიტორია არ არის ჩვენი კომისია, ეს არის საქართველოს ამომრჩეველი.

საარჩევნო დათქმის მიზანია შეამციროს ჩარევის რისკი და გაზარდოს საქართველოს დემოკრატიის მედეგობა საგარეო ჩარევის მიმართ. საგარეო ჩარევის განმახორციელებლებმა იციან, რომ კანდიდატებს სჭირდებათ გამარჯვება და ზოგიერთი იმუშავებდა ლამის ყველასთან დამატებითი უპირატესობის მისაღებად. ამ დათქმით ვთხოვთ კანდიდატებს მკაფიოდ განაცხადონ, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დახმარებას საგარეო მავნე მოთამაშეებისგან.

ეს დათქმა არის ნებისმიერი კანდიდატისთვის, ვისაც სურს აწარმოოს პატიოსანი და ღირსეული კამპანია. ციფრულ ეპოქაში ეს მოიცავს:

  • ისეთი მონაცემების გამოუყენებლობას, რომლებიც არის გაყალბებული ან მოპარული;
  • ცრუ აუდიოსა თუ ვიდეოს, მაშ შორის დიფფეიქ ვიდეოს გაუვრცელებლობას;
  • გამჭვირვალებას, თუკი გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენება ავტომატიზებული ანგარიშები;
  • თქვენი გუნდის განსწავლას თქვენი კამპანიის კიბერსაფრთხეებისგან დასაცავად;
  • კამპანიის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალებას.

როგორც ხედავთ, დათქმა ძალიან პირდაპირია. მარტივია ჩემი გზავნილიც საქართველოს პარტიებისა და კანდიდატებისთვის: მოაწერეთ ხელი!“.

პირველად მსგავსი დათქმა გამოიყენეს 2019 წლის ევროპულ არჩევნებში, როცა მას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა. მოგვიანებით იგივე გაკეთდა კანადის საყოველთაო არჩევნებზე, სადაც სამივე მთავარმა პარტიამ მოაწერა ხელი დათქმას. ახლა "ტრანსატლანტიკურმა კომისიამ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის" (TCEI) დათქმის ხელმოწერა შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს. ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც კომისიის დამფუძნებელთა შორისაა, უკვე დაუჭირა დათქმას მხარი. დოკუმენტზე ხელმოსაწერად კომისია იწვევს დონალდ ტრამპსაც.

საქართველოს არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან დათქმას უკვე შეუერთა ხუთი: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლი“ და „დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო“.

ანდერს ფოგ რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ მეტი პარტია და კანდიდატი შეუერთდება დათქმას: „საქართველოს დემოკრატიას სჭირდება დაცვა ქართველი დემოკრატების მიერ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG