Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე - "არავის მივცემთ უფლებას დააზიანოს საარჩევნო პროცესი, მის მიმართ ნდობა და ის კვლავ პოლარიზებულად აქციოს"


არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, არჩილ თაკალვაძე თვლის, რომ:

„მთლიანობაში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს თავისუფალ, პოზიტიურ გარემოში და პოლარიზაცია და დაძაბულობის ხარისხი პოლიტიკურ პარტიებს შორის ბევრად ნაკლებია, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს იყო“.

არჩილ თალაკვაძემ 30 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ონლაინ პრეზენტაციაში, რომელიც გაიმართა "არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის" ინიციატივით და ეძღვნებოდა "არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის" პრეზენტაციას.

არჩილ თალაკვაძემ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას - რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობრივ ფაქტებზე რეაგირებასა და მათი პრევენციის საქმეში - და თავისი პასუხი ორ ნაწილად გაყო - პარლამენტის სპიკერისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის პასუხებად:

„არავის, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მივცემთ უფლებას დააზიანოს ამ არჩევნების მიმართ ნდობა და დადებითი გარემო.

ჩვენ წარმოვადგინეთ და განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის რეფორმების ჩათვლით. ჩვენ გავამკაცრეთ წესები ამ არჩევნების დროს ძალადობისა და ნებისმიერი სახის ნეგატიური კამპანიის თავიდან ასაცილებლად და პრევენციისთვის. გადავდგით ყველა შესაძლო ნაბიჯი ამ არჩევნებზე პოლარიზაციის ხარისხის დასაწევად.

ასე რომ, მთავრობის პოლიტიკური ნება ძალიან ნათელია: არავის მივცემთ უფლებას ამ არჩევნებზე და წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააზიანოს პროცესი, მის მიმართ ნდობა და ის კვლავ პოლარიზებულად აქციოს. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს საქართველოში და ჩვენი პარტნიორებისგან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩათვლით, გვაქვს მყარი რეკომენდაციები, რომლებიც განვახორციელეთ კანონმდებლობაში და როგორც პარლამენტის სპიკერს, შემიძლია გითხრათ, რომ სამართალდამცავებსა და ყველა შესაბამის უწყებას აქვს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომ ირეაგიროს, გამოიძიოს და მოახდინოს მსგავსი ინდიცენტების პრევენცია.

ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის - საქართველოს მთავარი პოლიტიკური, საკანონმდებლო ინსტიტუციის სპიკერის პასუხი“.

ამის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ, როგორც მმართველი ძალის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, სურს „პოლიტიკური კომენტარის“ გაკეთება. პასუხის ამ ნაწილში მან განაცხადა:

„ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას იმ მოსაზრების უკან, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეიძლება იყოს დაინტერესებული ასეთ ინციდენტებში საარჩევნო კამპანიის დროს.

გარწმუნებთ, სამართალდამცავების რეაქცია გუშინ იყო მყისიერი. გულდასმით დავაკვირდებით, რომ ეს შემთხვევები იყოს გამოძიებული, რადგან ძალადობას არ გააჩნია პარტია, პოლიტიკური კუთვნილება.

რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც მმართველი პარტია, მოწადინებულები ვართ, შევინარჩუნოთ პოზიტიური, კონსტრუქციული, მშვიდობიანი, თავისუფალი საარჩევნო კამპანია.

ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი მაქსიმუმი კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ვითარებასთან გამკლავებისა და მისი მართვისთვის. ჟურნალისტებმა კარგად იცით, ეპიდემიისა და პანდემიის გლობალური გამოწვევის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა საქართველოში პოლიტიკურ აქტივობასა და კამპანიის წარმართვაზე. მთავრობა აკეთებს ყველაფერს უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც გეგმავს და აწარმოებს თავის კამპანიას.

გარწმუნებთ, არავის მიეცემა შესაძლებლობა ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს, განსაკუთრებით ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როცა გადავდივართ არსებითად პროპორციულ სისტემაზე და საქართველო იმყოფება ამ მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპზე სრულად საპარლამენტო მმართველობის და წინწასული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის პირობებში“.

წაიკითხეთ ასევე: ძალადობა არჩევნების წინ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG