Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონმა ევროპას რუსეთთან დიალოგის წარმოებისკენ მოუწოდა


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა, კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად რუსეთთან დიალოგის წარმოებას უფრო მეტად ეცადოს და არ იყოს უმთავრესად ნატოს სამხედრო ალიანსის იმედად.

როგორც AP იუწყება, ოთხშაბათს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ევროპელებმა უნდა მოახერხონ რუსეთთან ურთიერთობების ხელახლა გააზრება, მიუხედავად უკანასკნელი პერიოდის დაძაბულობისა რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება მოითხოვს, რომ გეოგრაფიის გათვალისწინებით, რუსებთან უნდა ვისაუბროთ,“ თქვა მაკრონმა.

ლიეტუვასა და ლატვიაში სამდღიანი ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი მიზანია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დამატებითი ძალისხმევით და არა ნატოს ჩანაცვლების ხარჯზე.

რუსეთის მიმართ მაკრონის მცდელობებმა შეშფოთება გამოიწვია ბალტიის ქვეყნებში.

მაკრონმა გაიმეორა, რომ რუსეთმა ახსნა-განმარტება უნდა წარმოადგინოს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საერთაშორისო დონის შედეგები მოჰყვება. საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რა ნაბიჯები იგულისხმა.

მაკრონმა, რომელიც ერთ დროს ჩიოდა ამერიკული ლიდერობის გარეშე ნატოს „ტვინის კვდომაზე“, შარშან შეეცადა განეახლებინა რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობები, რასაც ზიანი მიაყენა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG