Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიან თუ არა რუსულ სპორტში გეები


ჰომოსექსუალობა პროფესიულ სპორტში - მართალია, ბოლო დროს ამ საკითხზე უფრო ღიად ლაპარაკობენ, მაგრამ ბევრი ქვეყნისა და სპორტის ბევრ სახეობაში ის ისევ დახურულ თემად რჩება. პროფესიონალთა უმეტესობა ქამინგ აუთს კარიერის დასრულების შემდეგ აკეთებს. ზოგიერთები საჯაროდ აცხადებენ თავიანთი ჰომოსექსუალობისა თუ ბისექსუალობის შესახებ, თუმცა მათი რიცხვი, მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანია.

რუსეთში წამყვან სპორტსმენებს შორის ერთიც არ არის ისეთი, თავისი ჰომოსექსუალობა გაცხადებული ჰქონდეს. „საზოგადოება ასეთი ქამინგ აუთისთვის, უბრალოდ, მზად არ არის“, - მიაჩნია ფეხბურთის ცნობილ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის. მას ბევრი სხვა სპეციალისტი და სპორტსმენიც ეთანხმება.

ჟურნალისტი ალექსანდრა ვლადიმიროვნა ორ სპორტსმენ ქალსა და ერთ სპორტულ კორესპონდენტს გაესაუბრა. თავიანთი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბარზე სპორტსმენი მამაკაცები ანონიმურადაც არ დათახმდნენ.

მაისა პესოა, მსოფლიო ჩემპიონი განდბოლში. 5 წელია, რაც რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობს, ცხოვრობს რუსეთში

- 5 წლიდან მივხვდი, რომ სხვა გოგოებისგან განვსხვავდებოდი. მხოლოდ ბიჭებთან თამაში და ბურთის დევნა მინდოდა. როცა ჩემი და ლამაზ მაკიაჟსა და დედის ფეხსაცმელებზე ოცნებობდა, მე მამის ტანსაცმლის ტარება მსურდა. გოგონებთან თამაში არ მომწონდა, მაგრამ მათდამი სიმპათიას ვგრძნობდი.

ხშირად მესმის, რომ, რასაც განვიცდი, ავადმყოფობაა და უნდა ვიმკურნალო. მაგრამ მე მას დაავადებად არ აღვიქვამ, თითქოსდა ეს ჩემში გენეტიკურადაა ჩადებული. მეორე მხრივ, რამდენი ადამიანი სიყმაწვილეში არც ეჭვობს, რომ სხვა ორიენტაცია აქვს, მაგრამ მერე შეხვდებიან ვინმეს და უყვარდებათ, მაგალითად, როგორც ჩემს საცოლეს, ნიკიტას, დაემართა. ის ჩემამდე მხოლოდ მამაკაცებს ხვდებოდა, მაგრამ მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა. ვფიქრობ, როცა სიყვარულზეა ლაპარაკი, ადამიანის სქესს მნიშვნელობა არა აქვს.

იყო დრო, როცა ძალიან დათრგუნვილი ვიყავი, კაცებსაც ვხვდებოდი. ვფიქრობდი, რომ რაღაც მჭირს და უნდა შევეცადო სხვებს დავემსგავსო. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი არაა - მე ქალები მომწონს, ლესბოსელი ვარ. როცა ეს ვაღიარე, შვება ვიგრძენი.

ქამინგ აუთი 2012 წლის ოლიმპიადის წინ ლონდონში გავაკეთე. მაშინ პარიზული კლუბ Issy-Paris Hand-ისთვის ვთამაშობდი და ვიყავი მერი ლგბტ ტურნირისა, რომელსაც 5 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მე ფრანგულ ჟურნალს ინტერვიუ მივეცი. გადავწყვიტე, რომ დრო იყო ამ თემაზე ცოტა რამ მაინც მეთქვა. ინტერვიუ ინტერნეტში დაიდო. ტურნირის დაწყებამდე ის ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა ნახეს და ბომბიც აფეთქდა...

მომდევნო დღეებში ჩემი სახელი და ფოტო ბრაზილიის ყველა მედიასაშუალებით იყო გამოფენილი. ჩემი ორიენტაციის შესახებ კითხვები მთელი ოლიმპიადის პერიოდში გრძელდებოდა. ოლიმპიადის კომიტეტის თანამშრომლები ცდილობდნენ ჩემს დაცვას, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საშინლად გამაღიზიანებელი გახლდათ. შემდეგ ერთ ცნობილ პროგრამაში, რომელსაც მთელი ბრაზილია უყურებს, გამამასხარავეს. ეს პროგრამა დედაჩემმაც ნახა, რომლისთვისაც ჩემი ორინტაციის შესახებ არაფერი მქონდა ნათქვამი. გაბრაზებულმა ლონდონში დამირეკა და მკითხა, რა ხდებაო. ვუპასუხე, თამაშზე კონცენტრაციას ვცდილობ და ლაპარაკი სხვა არაფერზე მინდა-მეთქი.

ეს საგიჟეთი კიდევ 4 წელი გრძელდებოდა, რიო დე ჟანეიროს თამაშებამდე. ყველა ყველგან ჩემს პირად ცხოვრებას განიხილავდა. ყველამ იცოდა, რომ ლესბოსელი ვიყავი, მაგრამ მაინც მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: მართალია? ამასთან, ერთადერთი ლესბოლესი როდი ვარ განდბოლის ბრაზილიელ მოთამაშეებში, მაგრამ რადგან პირველი ვიყავი, ვის შესახებაც ცნობილი გახდა, ყველა ჩემზე იყო კონცენტრირებული. ჟურნალისტების სამუშაო სენსაციის მოპოვებაა, ისინი ფულს ამით შოულობენ. თავიდან ვბრაზობდი, შემდეგ მივხვდი, რომ ისინი, უბრალოდ, თავიათ საქმეს აკეთებენ და ამას არაფერი ეშველება.

ხშირად მომისმენია სტერეოტიპული გამონათქვამი, რომ ბრაზილია ძალზე ღიაა ლგბტ თემის მიმართ - აქ ხომ მამაკაცებს მამაკაცებზე, ქალებს კი ქალებზე ქორწინება შეუძლიათ. სინამდვილეში კი ვერ ვიტყოდი, რომ ბრაზილია ამ მხრივ განსაკუთრებით ტოლერანტული იყოს. ბრაზილია ძალიან რელიგიური ქვეყანაა, იქ ბევრი ქრისტიანია, კათოლიკე. ლგბტ თემს სერიოზულ პრობლემებთან უწევს გამკლავება. მკვლელობაც მომხდარა შეუმწყნარებლობის საფუძველზე.

ლგბტ თემის უფლებების აღიარებისთვის განსაკუთრებით ბრაზილიელი მამაკაცები არ არიან მზად, მათი არსებობის ცნობაც კი არ უნდათ. როცა იქ ჩემს საცოლე ნიკიტასთან ერთად ჩავდივარ, მირჩევნია ხელიხელჩაკიდებულებმა არ ვიაროთ - ზუსტად არასოდეს იცი, ხალხს რა რეაქცია ექნება. ამიტომ, როცა მესმის რუსეთში რამხელა პრობლემებია, ვამბობს, რომ ნაკლები არც ჩვენ გვაქვს.

კი, რუსეთში ქორწინების უფლებას არ ცნობენ. ძნელია ღიად იყო გეი, მაგრამ ამ ყველაფერს პატივისცემით ვეპყრობი. რუსეთი ჩემი ქვეყანა არ არის, სტუმარი ვარ და წესებს პატივი უნდა ვცე. როცა ქუჩაში ჩემს საცოლესთან ერთად მივდივარ, ვერიდები ხელი ჩავჭიდო, - ყოველთვის გამოინახება ვინმე გადარეული, ვისაც ეს არ მოეწონება, - მაგრამ კლუბებსა და ბარებში არასოდეს შემქმნია პრობლემა იმის გამო, რომ ერთად ვიყავით.

როდესაც რუმინეთში ვთამაშობდი, ჩემი კლუბის მხარდამჭერებს ძალიან არ მოსწონდათ, რომ მე ლესბოსელი ვარ. განდბოლი იქ პოპულარულია, მე კი მართლა კარგად ვთამაშობდი და ყურადღება მივიქციე. გულშემატკივრები ხედავდნენ, ისტაგრამში რა ფოტოებსაც ვდებდი და ჩემ დანახვაზე ხშირად რამე შეურაცხმყოფელს წამოიყვირებდნენ ხოლმე. ეს კარგა ხანს გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ ტელევიზიით ძალიან ემოციური ინტერვიუ მივეცი - პირდაპირ ეთერში მოვყევი, თუ როგორი შეურაცხყოფის გადატანა მიწევდა და ეს რამდენად უსიამოვნო იყო; სხვების პატივისცემის აუცილებლობაზე ვისაუბრე... ამის შემდეგ გულშემატკივრები ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, ოჯახსა და ბავშვებთან ერთადაც კი. ზოგადად, ბავშვები ძალიან მიყვარს და ყოველთვის მიხარია, როცა ისინი განდბოლზე მოდიან.

რუმინეთისგან განსხვავებით, რუსეთში ღიად არავინ მლანძღავდა, მაგრამ ისტაგრამზე მაიმუნს მეძახდნენ და წერდნენ: „ლესბოსელო, რას აკეთებ ჩვენს ქვეყანაში? ჩვენი ფული მიგაქვს?“. სხვათა შორის, ამას კაცები წერდნენ. ვცდილობ, მსგავს პოსტებს ყურადღება არ მივაქციო - რა შეგიძლია შეცვალო? გოგოებიც მიყვებოდნენ, რომ ადრე კლუბის ინტერნეტგვერდზეც ილანძღებოდნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა.

რუსეთში გავლენიანი, ფულიანი ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ხალხი მათზე რას იფიქრებს. სწორედ ამის გამო თვალთმაქცობენ: ლგბტ თემის წევრებიც რომ იყვნენ, მაინც მათ წინააღმდეგ მიდიან. მაგრამ არავის განსჯა არ მინდა. გასაგებია, რომ ეშინიათ - თან, რუსეთში, სადაც ჰომოსექსუალობა იგმობა.

იგივე განდბოლში ბევრი გოგოა, ვისაც გოგოები მოსწონს, მაგრამ ღიად ამაზე არ ლაპარაკობენ, მათაც ეშინიათ, - განსაკუთრებით, თუ ჩემი თაობის არიან. უფრო ახალგაზრდები შედარებით იოლად უდგებიან საკითხს: მოსწონთ გოგოები და ქამინგ აუთს აკეთებენ. მაგრამ უფროსები შიშობენ - ამბობენ, რომ მათი ოჯახი ამას ვერ გაიგებს და ვერ მიიღებს. დედაჩემმაც ვერ მიიღო ადვილად, დღემდე ვერ ეგუება.

მე იმ ბრაზილიელ სპორტსმენებს არ ვეკუთვნი, რომლებიც ფაველებიდან (უღარიბესი რაიონები) გამოვიდნენ. ხშირად მეკითხებიან ფაველებზე, მაგრამ არც კი ვიცი რა ვუპასუხო, იქ ნამყოფი არ ვარ. დედა ადვოკატია, მამა - უნივერსიტეტის ლექტორი. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ კარგად ვცხოვრობდით. კარგი განათლება მივიღე და ყოველთვის კარგი მეგობრები მყავდა.

ჩემი ოჯახი რელიგიურია, განსაკუთრებით - დედა. სწორედ მისი რელიგიურობის გამო დიდხანს ვერ ვბედავდი მეღიარებინა, რომ ლესბოსელი ვარ. როდესაც დედას ვუთხარი, ძალიან ეწყინა და გაბრაზდა. არ უნდოდა დაეჯერებინა, მითხრა: „ეს არ არის ნორმალური, როცა ქალი ქალს ხვდება“.

სანამ გაიგებდა, რომ ნიკიტა ჩემი საცოლე იყო, მას თბილად ეპყრობოდა, მაგრამ როცა სიმართლე შეიტყო, ნამდვილი ჰომოფობივით მოიქცა. ხანდახან ჩემს დას ეუბნება, როგორიცაა, ისეთი მიყვარს, ჩემი შვილიაო, მაგრამ მე ისევ მებრძვის, მკიცხავს, თუკი ისტაგრამში რამეს დავწერ.

სხვათა შორის, მამა უფრო ადეკვატური იყო. უბრალოდ, მითხრა: დიდი ხანია, ველოდები, როდის მეტყოდიო.

რუსი სპორტული ჟურნალისტი. სახელი დაფარულია რესპონდენტის თხოვნით

- არა მგონია, უახლოეს მომავალში რუსი სპორტსმენის ქამინგ აუთი ვიხილოთ. პრობლემები არავის უნდა. ჩვენმა სახელმწიფომ იმდენად ყველაფერი დაიმორჩილა, რომ ხალხი მეტ-ნაკლებად მასზეა დამოკიდებული, სპორტში - მით უფრო. მთელი პროფესიული სპორტი სახელმწიფო მხარდაჭერით არსებობს. შესაბამისად, ვინც იხდის, შეკვეთასაც ის იძლევა.

გეი რომ ვიყავი, ამას საკმაოდ გვიან მივხვდი, 20-ის შემდეგ. ჩემს ორიენტაციაზე არც ვლაპარაკობ და არც ვმალავ. ვფიქრობ, ადამიანი პირად ცხოვრებას როგორ ატარებს, არავის საქმე არ არის. მინდა ადამიანთან ურთიერთობა თუ არა, ამას სულ სხვა კრიტერიუმებით ვსაზღვრავ.

კოლეგებს ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არ გამოუხატავთ. ვისთანაც ძალიან ახლოს ვარ, ისედაც იციან. ვიღაცა ხვდება, მაგრამ მგონია, რომ უმეტესობისთვის სულ ერთია. ყოველ შემთხვევაში, ღიად თავდასხმის ობიექტი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა უხუმრიათ კი. გააჩნია, ვის რა სწყინს. მე არ ვბრაზდები ხოლმე, თუნდაც უკბილო ხუმრობა იყოს. ეს ხშირად იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს შენი წყენინება უნდა, არამდე იმას, რომ იუმორის გრძნობა აქვს ცუდი.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ახალგაზრდა სპორტულ კორესპონდენტს, თუკი ის გეია? თუ ღიად არის გეი, ალბათ, პროფესია მთლად სწორად ვერ აარჩია. უცნაურად გამოჩნდება, თუმცა ვისაც ნამდვილად შეიძლება პრობლემები შეექმნას, ეს სპორტსმენია - განსაკუთრებით, ჯგუფური თამაშების მონაწილე. მაგალითად, არ მოუნდებათ მასთან ერთად აბაზანაში შესვლა. ამიტომაც დასავლეთშიც კი არავინ ჩქარობს საკუთარი ორიენტაციის შესახებ განაცხადოს.

არა მგონია, რუსმა სპორტსმენმა ქამინგ აუთის შემდეგ კარიერის გაგრძელება შეძლოს. რაც მთავარია, ამას ღიად არავინ გააკეთებს. ნაკრებიდან მისი გამოთიშვა ძალიან ადვილი იქნება, ფორმალურად ვერც მოედავები. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ მამაკაც სპორტსმენს ასე მოექცევიან. ქალ სპორტსმენთან დაკავშირებით დამოკიდებულება უფრო მსუბუქია. რატომღაც ეს, საერთოდ, არასერიოზულ რამედ მიიჩნევა.

რუსი სპორტსმენი ქალი. გამოდის ზამთრის სპორტის სახეობებში. მისი სახელი დაფარულია რესპონდენტის თხოვნით

- მგონია, რომ არა მხოლოდ სპორტის სფერო, მთლიანად ქვეყანა არ არის მზად ქამინგ აუთისთვის. ვინმეს რომ უთხრა, რომ ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი ხარ, ნაკურთხი წყლით გადაგწერს ჯვარს და გეტყვის, ეშმაკს ჰყავხარ შეპყრობილიო. ხალხი ამ თემის მიმართ დიდად შემწყნარებელი არაა. ეს ან რელიგიას უკავშირდება, ან კიდევ რაღაცას, მაგრამ როცა ეს ყველაფერი კონსტიტუციამდე მიდის, საერთოდ რაზეა ლაპარაკი.

თუ პროფესიულ სპორტში ხარ და განაცხადებ, რომ შენივე სქესის ადამიანს ხვდები, ვფიქრობ, მასზე მაშინვე ზეწოლა დაიწყება, განსაკუთრებით, თუ ცნობილი სპორტსმენია. შეიძლება ქუჩაშიც ვერ გამოვიდეს, ყველასთვის თითით საჩვენებელი გახდება.

ბისექსუალი რომ ვიყავი, ამაზე პირველად 16 წლის ასაკში დავფიქრდი. როდესაც სპორტულ სექციაში ახალი მისული ვიყავი, ბიჭი მომეწონა, შემდეგ კი შევატყვე, რომ მისი მეგობარი გოგონაც მომწონდა. მაშინ საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, მაგრამ მაინც არავისთვის არაფერი მითქვამს.

შემდეგ ანა გავიცანი (სახელი შეცვლილია), მაშინ უკვე 20-ს ვიყავი გადაცილებული. ორიოდე წლის შემდეგ კი უკვე ვხვდებოდით და ბიჭები სამი წლით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. გარეგნულადაც სხვანაირად გამოვიყურებოდი - თავი ნახევრად გადავიპარსე, ბიჭურად ვიცმევდი, თითქოსდა საკუთარი ქალურობისგან გავთავისუფლდი. ამ დროისთვის სპორტის სფეროში უკვე მიცნობდნენ და ბევრი ხვდებოდა კიდეც. მით უფრო, რომ ჩვენ გუნდი გვაქვს - ერთი დიდი ოჯახი. არავინ განმსჯიდა, არც ჩემს გამოსწორებას ცდილობდნენ. სპორტში არცთუ ისე ცოტა გოგოა ბისექსუალი ან ლესბოსელი. ზოგიერთი თავის ქვეყანაში ლგბტ ფესტივალებზეც დადის. ბიჭებთან ცოტა რთულადაა საქმე.

საბოლოოდ, ყველაფერი სერიოზული ტრავმით დასრულდა, მაგრამ არაფერს ვნანობ. ტრავმის შემედეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა და ბევრი რამ გადავაფასე. მოვახერხე ქალური ენერგეტიკის დაბრუნება. ჩემი ცხოვრება დალაგდა. ანას შემდეგ გადავწყვიტე, რომ გოგონებთან ურთიერთობა აღარ მინდა.

ჩემმა მშობლებმა ჩემი ბისექსუალობის შესახებ არ იციან, იცის მხოლოდ დამ. მამისთვის რომ მეთქვა, ვფიქრობ, მისი რეაქცია ნორმალური იქნებოდა. დედასთან საქმე უფრო რთულადაა. ის რელიგიური ადამიანია, ამიტომ არ მინდა მის ფსიქიკას ტრავმა მივაყენო.

ჩემს თავს მომავალში გოგონასთან დაქორწინებულს რომ ვხედავდე, ამ ინტერვიუს ღიად მივცემდი, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც გოგოებს ვხვდებოდი, დასრულდა. ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ საზოგადოებამ არ მიგვიღო, უბრალოდ, მივხვდი, რომ სხვა ურთიერთობა და სხვა ემოციები მჭირდება. მაგრამ წინა ეტაპზე არ ვდარდობ, პირიქით, მიხარია, რომ ის იყო ჩემს ცხოვრებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG