Accessibility links

დისტანციურიდან საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა მოსწავლეთა კიდევ ერთი ნაწილი


1 ოქტომბრიდან სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ დღემდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე მყოფი სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა. კორონავირუსის შემთხვევების სიმრავლის გამო, აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე რჩებიან.

საკლასო ოთახებში ბრუნდებიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასების, ხოლო ფოთსა და გორში თორმეტივე კლასის მოსწავლეები. ამ ქალაქებში 15 სექტემბრიდან სწავლა ისევ დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობდა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მომატების გამო.

ფოთის და გორის გარდა, ზედა კლასების მოსწავლეები ისევ დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან. მათი კლასებში დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისის და რუსთავის I-VI კლასების მოსწავლთა მშობლებს შეუძლიათ შვილებისთვის ისევ დისტანციური სწავლება მოითხოვონ.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, 6 ქალაქის და მთლიანად აჭარის რეგიონის გარდა, საკლასო ოთახებში მარტიდან შეწყვეტილი სწავლა 15 სექტემბერს განახლდა. ამასთან, ბოლო დღეებში დისტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდა გურიის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რამდენიმე სოფლის სკოლა, სადაც მოსწავლეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. სკოლებში დამცავი პირბადის გამოყენება სავალდებულოა ყველასთვის, მოსწავლეების გარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG