Accessibility links

logo-print logo-print

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის აქტივი საპროტესტო აქციას მართავს


„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი აქტივი მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულოსთან თავმჯდომარე ამირან გიორგაძის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.
დაახლოებით, 20 კაცს გამოტანილი აქვს პლაკატი წარწერით „გადადექი, მოძალადე!“ და სკანდირებენ „გადადექი!“
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის ლიდერმა და პარლამენტის არჩევნებში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა განაცხადა, რომ ამირან გიორგაძე უშუალოდ მონაწილეობდა 29 სექტემბერს მარნეულის ცენტრში მომხდარ ძალადობაში, როცა ოპოზიციის აქტივისტებსა და ჟურნალისტებს სცემეს.


„ამირან გიორგაძე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსია. როცა ოპოზიციას თავს დაესხნენ, ის იქვე იმყოფებოდა. მას შეეძლო ეს ძალადობა შეეჩერებინა, მაგრამ არ შეაჩერა“, თქვა ახმედ იმამყულიევმა, რომელიც ასევე არის მარნეულის საკრებულოს წევრი.


იმამყულიევმა დასძინა, რომ საკრებულოში განცხადებას შეიტანს და მოუწოდებს კოლეგებს, რომ თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენონ.


მისივე თქმით, თუ საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მიმართავენ სასამართლოს იმავე მოთხოვნით.
29 სექტემბრის საღამოს მარნეულში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სიახლოვეს, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის ორი წევრი საავადმყოფოში მოხვდა, რომელთაგან ერთი, ლაშა ქველაძე, 1 ოქტომბერს საავადმყოფოდან გაწერეს, მამამისი კი, გივი ქველაძე, კვლავს საავადმყოფოში რჩება.
დაპირისპირების დროს გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სცემეს ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის, და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ზაზა ბარამიძეს. გადამღებ ჯგუფებს დაუმტვრიეს კამერები.
გამოძიება ორი მუხლით ტარდება, ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG