Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მეწილის ადვოკატმა "ქართულ ოცნებას" 50 ათასი შესწირა


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მეწილის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა "ქართულ ოცნებას" 24 სექტემბერს 50 ათასი ლარი შესწირა.

სწორედ ნინო ნიჟარაძის სარჩელის საფუძველზე წაუყენა 2019 წელს პროკურატურამ ბრალი “რუსთავი 2”-ის მაშინდელ და "მთავარი არხის" ახლანდელ დირექტორს ნიკა გვარამიას. მას ტელეკომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა მმართველ პარტიას თანხა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შესწირა. მან რადიო თავისუფლებას დღეს განუცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ უნდა. არც ნიჟარაძემ ისურვა თავისუფლებასთან საუბარი.

"მერე მე რა ვქნა?.. როგორი მოცლილები ხართ, რაღა დროს ეგ საქმეა, რას ეძებთ?! გეუბნებით, არ მაინტერესებს პოლიტიკა, სრულიად აპოლიტიკური ვარ... ახლა რომ გავიგე [პოლიტიკური პარტიისთვის თანხის გადარიცხვის შესახებ], რა ვქნა, ტაში დავუკრა?" - თქვა ნიჟარაძემ.

იმის მიუხედავად, რომ "რუსთავი 2"-ის წილის მფლობელები უკვე შეცვლილია და სარჩელის ავტორს, ნინო ნიჟარაძეს ინტერესი აღარ აქვს, ახლა ამ საქმეს სასამართლ იხილავს. გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეეფარდა და ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე აკრძალული აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა გვარამიას გამოსასწორებელი სამუშაო, ჯარიმა ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ირკვევა, რომ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი წინა ხელისუფლების შემომწირველიც იყო. მან "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წელს, ხელისუფლებიდან წასვლამდე ზუსტად 2 თვით ადრე 50 ათასი ლარი შესწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG