Accessibility links

site logo site logo

დავით ბერძენიშვილი განმარტავს პარტიულ სიაში მისი არყოფნის მიზეზებს


„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში არ არის, „ფეისბუკზე" წერს მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

„რესპუბლიკელები" პარლამენტში ბრუნდებიან! პარტიის ხელმძღვანელების ადგილები წამყვანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის [ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს] შემადგენლობაში: ხათუნა სამნიძე N 10; თამარ კორძაია N19.

წინა საპარლამენტო არჩევნებში კრახის შემდეგ პარტიამ კურსი აიღო განახლებაზე - ლიბერალური ღირებულებებიც მკაფიოდ და თამამად წამოვწიეთ წინ. განახლება ფიქციაა პერსონალური განახლების გარეშე - „რესპებმა" ეს ამოცანაც გადავჭერით.

„რესპუბლიკელების", როგორც პატარა ღირებულებითი პარტიის ფასი დიდი ელექტორალური სუბიექტ(ებ)ისთვის რომ მნიშვნელოვანია, ამიტომ ვართ სულ ხელისუფლების შემცვლელ პოლიტიკურ ალტერნატივაში. უჩვენოდ საქართველოში ხელისუფლება ვერ იცვლება. ახლაც შევიტანთ მოკრძალებულ წვლილს.

ამ საარჩევნო კამპანიას „რესპუბლიკელებიდან" სწორედ ხათუნა და თამუნა წარუძღვებიან.

მე მეტ ენერგიას პარტიის ხელახლა ფეხზე წამოდგომას მოვახმარ მათთან და სხვა „რესპებთან" ერთად... ადრე გამოგვსვლია, ახლაც გამოგვივა.

წინ, ახალი კოალიციური ხელისუფლებისკენ!

P.S. 30 წლის წინაც, უზენაეს საბჭოშიც ორი „რესპუბლიკელი" დეპუტატით დავიწყეთ...იმ დამფუძნებელი პარლამენტის მხოლოდ ერთი სუბიექტი - „რესპუბლიკური პარტია" აგრძელებს მარათონს ახლაც.

წარმატებები ჩვენებსაც და პოლიტიკურ, კოალიციურ პარტნიორებსაც", - წერს დავით ბერძენიშვილი.

საარჩევნო ბლოკში ენმ „ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში არის „რესპუბლიკური პარტიის" ორი წევრი ხათუნა სამნიძე N10 და თამარ კორძაია N19.

„რესპუბლიკური პარტია" „ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა პარტიებთან საარჩევნო ბლოკში 15 სექტემბერს გაერთიანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG