Accessibility links

აზერბაიჯანის და სომხეთის ძალები სარაკეტო ცეცხლს უშენდნენ დასახლებულ პუნქტებს


აზერბაიჯანის და სომხეთის ძალების დაპირისპირების არეალში 2 ოქტომბერს გრძელდებოდა საომარი მოქმედებები. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტებისთვის სარაკეტო ცეცხლის დაშენაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანისიანმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ „სამოქალაქო ობიექტებს ბალისტიკურ რაკეტებს უშენენ.

მოგვიანებით იტყობინებოდნენ ქალაქ სტეფანაკერტისთვის რაკეტების დაშენის შესახებ. ცნობით, რაკეტები ჩამოვარდა ქალაქის ცენტრალურ არეალში.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, რომელიც სომხეთის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ეყრდნობა, რეგიონის სამაშველო სამსახურის შენობას მოხვდა რაკეტა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა. სტეფანაკერტის მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრებში იმყოფება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა 2 ოქტომბერს ცნობები სოფლების დაბომბვის შესახებ. სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, „დაახლოებით ათი რაკეტა, რომლებიც სომხეთის ტერიტორიიდან, სარაკეტო კომპლექს, „ტოჩკა უ-ს“ მიერ იქნა გატყორცნილი, ჩამოვარდა სოფელ საბირქენდში, შამქირში“. სამინისტრო ასევე იტყობინებოდა ქალაქ თერთერისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენის შესახებ. სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ბარდინის, თოვუზის და აღდამის რაონების სოფლებისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენის თაობაზე.

სომხეთმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მზადაა, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ეუთოს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ის, ე.წ. მინსკის ჯგუფის ერთობლივ მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი მთიანი ყარაბაღისთვის მებრძოლ ძალებს შორის. მინსკის ჯგუფი საშუამავლო მისიას ასრულებს აზერბაიჯანის რეგიონის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, სადაც მყიფე ზავი დაიდო 1990-იანი წლებში.

სომხეთის განცხადებას მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიქმათ ჰაიევის განცხადება, რომ თუ სომხეთს სურს „ვითარების განმუხტვა, უნდა დასრულოს მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს დავა აქვთ მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ორ ქვეყანას ომი ჰქონდა 1990-იან წლებში. კონფლიქტს 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიას მას შემდეგ სომხური ძალები აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG