Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპის შემდეგ, კორონავირუსი რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის ვრცელდება


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2 ოქტომბერს ვაშინგტონის შემოგარენში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს კორონავირუსზე სამკურნალოდ. პარალელურად, პათოგენი ვრცელდება რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის, რაც ძირს უთხრის მცდელობას სწრაფად შეივსოს უზენაესი სასამართლოს ვაკანტური ადგილი და დარტყმას აყენებს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას.

ტრამპის სულ უფრო მეტი ახლო მოკავშირე აცხადებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი შედეგის შესახებ, რაც ზრდის შიშს, რომ ვირუსი შესაძლოა მთავრობის მაღალ ეშელონებს მოედოს.

2 ოქტომბერს ვირუსი აღმოაჩნდათ რესპუბლიკელ სენატორებს, ტომ ტილისს და მაიკ ლის, რომლებიც აცხადებენ, რომ 10 დღით კარანტინში გადავიდნენ. ეს სენატორები 26 სექტემბერს ესწრებოდნენ თეთრ სახლში გამართულ ცერემონიას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინეს ეიმი კონი ბარეტი. მას შემდეგ ისინი სენატის საქმეებს აკეთებდნენ, შეხვედრა გამართეს ბარეტთან მიმდინარე კვირის დასაწყისში - და არის ვარაუდი, რომ მათ, შესაძლოა, ვირუსი სხვებსაც გადადეს. ბარეტის ტესტის პასუხი 2 ოქტომბერს უარყოფითი იყო, თუმცა, როგორც იუწყებიან, მას ეს დიაგნოზი უკვე ჰქონდა ზაფხულში. თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე მყოფი კიდევ ოთხი სენატორის ტესტი უარყოფითი იყო.

ტრამპის და მისი ცოლის გარდა, ნომინაციის ცერემონიაზე დამსწრე ჯგუფიდან ვირუსი სხვებსაც აღმოაჩნდათ, მათ შორის რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელს, რონა მაკდანიელს, ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, სასულიერო პირ ჯონ ჯენკინსს და კელიენ კონვეის, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის და თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციებს ასრულებს.

ნომინაციის ცერემონიაზე მყოფი პირების ინფიცირების შემთხვევები აჩენს ვარაუდს, რომ ამ ღონისძიებამ ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. იუწყებიან, რომ ღონისძიების სტუმრებიდან ბევრს არ ეკეთა ნიღაბი, არ იცავდა სოციალურ დისტანციას და სხვებს ელაპარაკებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG